"დღევანდელ ვითარებას პოლიტიკური კრიზისი არ ჰქვია" - კვირის პალიტრა

"დღევანდელ ვითარებას პოლიტიკური კრიზისი არ ჰქვია"

"ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ვალდებულია არსებული ვითარებიდან გამოსავალი მოძებნოს. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ერთპარტიული პარლამენტის შექმნის საფრთხე. მე ვერც ამ მოსაზრებას დავეთანხმები"

"განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების გაჩერებას არ ვაპირებთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა ფასილიტატორ ელჩებს, ხელისუფლებისთვის გადასაცემი დოკუმენტი წარუდგინეს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, დოკუმენტში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებია გაწერილი. აპირებს თუ არა კომპრომისზე წასვლას ხელისუფლება, "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე გვესაუბრება:

- ჩვენ წითელი ხაზი გვქონდა გავლებული იქ, სადაც ხელახალი არჩევნების საკითხი დაისმებოდა. ეს ახლაც პრინციპულად მიუღებელია.

თუ ამ დოკუმენტში სხვა, გონივრული საკითხები იქნება წარმოდგენილი, მაშინ ვიმსჯელებთ. რატომ გავავლეთ წითელი ხაზი არჩევნების ხელახალ ჩატარებაზე? იმიტომ, რომ ეს არ არის რაციონალური საკითხი, ამასთან, ჩვენი ამომრჩევლის უპატივცემულობაცაა.

- როგორც თქვენ ამბობთ, ეს არარაციონალური საკითხი მთავარია ოპოზიციური სპექტრისა და მათი არცთუ მცირერიცხოვანი ამომრჩევლისთვის. გასათვალისწინებელია თუ არა მათი აზრი? - ხელისუფლებამ ნებისმიერი აზრი უნდა გაითვალისწინოს. ეს ოპოზიციონერ ლიდერებსაც ვუთხარით. არის დათქმები, რა შეიძლება იყოს გაზიარებული და რა არა. წინადადება, რომელიც ხელახალ არჩევნებს უკავშირდება, მიუღებელია, სხვა წინადადებები, რომლებიც დღის წესრიგში დადგება, შეიძლება გახდეს დისკუსიის საგანი. გავიზიარებთ თუ არა, ეს მათ შინაარსზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი თვითმიზანი არ არის საკითხების დაგროვება, მთავარია, რაზე შედგება მოლაპარაკება.

- ოპოზიციის ნებისმიერი წინადადება დაკავშირებული იქნება ხელახალ არჩევნებთან.

- თუ საკითხი ასე დადგება, ისევ ხისტ პასუხს მიიღებენ. ეს მოლაპარაკებას პერსპექტივას შეუზღუდავს, რაც ძალიან დასანანი იქნება. თუ კონსტრუქციულ წინადადებას შემოგვთავაზებენ, მასზე აუცილებლად ვიმსჯელებთ.

- რა შეიძლება იყოს თქვენთვის კონსტრუქციული ფასილიტატორი ელჩებისთვის წარდგენილ დოკუმენტში? - თუ ოპოზიციის ან საზოგადოების წუხილი არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული, ამას რეაგირება მოჰყვება და შეთანხმებაშიც აისახება.

თუ ოპოზიცია ისევ იმას იტყვის, არჩევნები იმიტომ გაყალბდა, სასურველი შედეგი ვერ მივიღეთო, ამას, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ.

- პლებისციტი იქნება თუ არა კონსტრუქციული წინადადება? - რა საკითხზე?

- ხელახალი არჩევნების საკითხზე. - არც ეს მგონია რაციონალური საკითხი. არჩევნების ხელახალი ჩატარების საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს.

- სწორედ კანონმდებლობა გვეუბნება, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. - ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებას პოლიტიკური კრიზისი არ ჰქვია. პოლიტიკური კრიზისია მაშინ, როცა მთავრობა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მგონი, ოპოზიციის ცდა, არსებული ვითარება კრიზისულად წარმოაჩინოს, კამპანიურია. ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ვალდებულია არსებული ვითარებიდან გამოსავალი მოძებნოს. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ერთპარტიული პარლამენტის შექმნის საფრთხე. მე ვერც ამ მოსაზრებას დავეთანხმები.

ჩვენ გვაქვს არა ერთპარტიული, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ.

- რა იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ? - იქნება ისეთი სამწუხარო რეალობა, როგორიც იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში - ოპოზიცია მაშინაც ბოიკოტს უცხადებდა პოლიტიკურ პროცესს.

- ეს ისეთ პოლიტიკურ კრიზისამდე ხომ არ მიგვიყვანს, თქვენც რომ მოგიწევთ აღიარება? - არც ეს იქნება კრიზისი. ეს იქნება სამწუხარო რეალობა, რომელიც ყველას გაგვირთულებს ცხოვრებას. ხელისუფლებას გაურთულებს გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. რა იქნება გამოსავალი და როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, ეს უკვე მომავლის საკითხია.

ხათუნა ბახტურიძე