"ფასილიტატორმა ელჩებმა ცოტა ხანს მოცდა გვთხოვეს" - კვირის პალიტრა

"ფასილიტატორმა ელჩებმა ცოტა ხანს მოცდა გვთხოვეს"

მომრიგებელ ელჩებთან მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი მორიგი შეხვედრის შემდგომ ოპოზიციონერი ლიდერები ისევ საიდუმლო დათქმებზე საუბრობენ. როგორც ამბობენ, ელჩებთან ახალი წინადადებებით მივიდნენ, ხელისუფლებისთვის გადასაცემად რამდენიმეპუნქტიანი დოკუმენტიც მოამზადეს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

მანამდე ლაპარაკი იყო ოპოზიციაში დაპირისპირებასა და აზრთა სხვადასხვაობაზე. რაზე შეთანხმდა ოპოზიცია, რა ახალი ინიციატივებით შეიძლება წარმდგარიყო ფასილიტატორ ელჩებთან, რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, წამოაყენებენ თუ არა სხვა მოთხოვნებს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ესაუბრა:

- ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებელი საკითხების წრე ნამდვილად გაფართოვდა.

- რიგგარეშე არჩევნები ისევ მთავარი მოთხოვნაა? - აუცილებლად, უბრალოდ, არის ზოგიერთი კომპონენტი, რომელთა საშუალებითაც "ქართულ ოცნებას" ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდება.

ჩვენ გავითვალისწინეთ დასავლელი მეგობრების ზოგიერთი რჩევა და დიდი ნაბიჯი გადავდგით ხელისუფლებასთან შეთანხმების მისაღწევად. ახლა ჯერი მასზეა.

- ერთ-ერთი კომპონენტი პლებისციტი ხომ არ არის, რამაც ხელისუფლებას შეიძლება გადაწყვეტილების მიღება გაუადვილოს? - ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- თქვენ ამბობდით, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ელჩებთან შეხვედრაზე წამოაყენებდით, ყველა იმ თემის საჯაროდ გამოტანა იქნებოდა, რასაც აქამდე არ ახმაურებდით. - დიახ, მე ასე მივიჩნევდი მართებულად. საზოგადოება ნათლად დაინახავდა, ვინ რა დათმობაზეა წამსვლელი, ვის რა პოზიცია აქვს და ვინ როგორ ცდილობს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას. თუმცა ფასილიტატორმა ელჩებმა ისევ გვთხოვეს ცოტა ხანს მოცდა, დუმილი, სანამ ხელისუფლებას ჩვენს წერილობით დოკუმენტს არ გადავცემთ და მათგანაც ასევე წერილობით დოკუმენტს არ მივიღებთ. როგორც კი პასუხს მივიღებთ, მაშინვე გავასაჯაროებთ დეტალებს.

ხათუნა ბახტურიძე