"საჭიროა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანაკარგით" - კვირის პალიტრა

"საჭიროა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანაკარგით"

"ჩატარდეს პირდაპირ არჩევნები და თუ დღევანდელი შედეგი ნამდვილად ობიექტურია, მაშინ ვადამდელი არჩევნების შედეგები ისევ ასეთი იქნება"

"ქვეყანაში კლასიკური პოლიტიკური კრიზისია. ყოველი დღე, ყოველი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უფრო ამძიმებს კრიზისს", - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. შეგახსენებთ, რომ უცხოელი ელჩების მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. უშედეგო ორრაუნდიანი მოლაპარაკების შემდგომ პროცესის გაჭიანურებაში მმართველი გუნდი და ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს ამუნათებენ. ოპოზიციონერები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე შედეგს მიაღწევენ, თუმცა ამბობენ, რომ ვადამდელი ან ხელახალი არჩევნების მოთხოვნა უცვლელი იქნება. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ წითელი ხაზი სადაც არის, იქ დარჩება და რიგგარეშე არჩევნების საკითხს არ გადახედავენ.

რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რა შეიძლება გახდეს შეთანხმების საგანი და დარჩა თუ არა კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვესაუბრება:

- თუ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი დროულად არ მოიძებნა, უფრო გართულდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საზოგადოდ, ქვეყნის მდგომარეობა. რაც უფრო გვიან მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, მით მეტი ზიანით გამოვლენ კრიზისიდან. ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის კრიზისიდან გონივრულად გამოსვლისთვის მზაობას. არადა, ყველას, განსაკუთრებით კი ხელისუფლებას, ავიწყდება, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის ერთ-ერთ არგუმენტად შესაძლო პოლიტიკური კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოსვლის შესაძლებლობა სახელდებოდა, შესაძლებლობა კი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამას გაითვალისწინებენ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. აუცილებელია შეთანხმდნენ, თუ როგორი წესით გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები ისე, რომ შედეგი როგორც სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისთვის, ისე ამომრჩევლისთვის სანდო და დამაჯერებელი იყოს.

არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების და ხმების სამართლიანად დათვლის ტექნიკური შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს. ეს მექანიზმები ჯერ კიდევ წლინახევრის წინ შევთავაზე საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარლამენტართა ჯგუფს - კერძოდ, ამომრჩევლების ელექტრონული იდენტიფიცირება და ხმების ელექტრონული ვერსიით დათვლა.

- ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას წითელ ხაზად მიიჩნევს. შეიძლება თუ არა გამოსავალი პლებისციტი იყოს?

- იცით, ეს როგორი რამეა? მოდი, კენჭი ვუყაროთ იმას, კენჭი ვუყაროთ თუ არა ამა თუ იმ დადგენილებასო. ხომ უაზრობაა? ბარემ პირდაპირ უყარე კენჭი. პლებისციტი და შემდეგ ისევ არჩევნები? ეს ხომ ორმაგი ხარჯია? პლებისციტის ღირებულება ოდნავ ნაკლები იქნება არჩევნების ღირებულებაზე.

ჩატარდეს პირდაპირ არჩევნები და თუ დღევანდელი შედეგი ნამდვილად ობიექტურია, მაშინ ვადამდელი არჩევნების შედეგები ისევ ასეთი იქნება. რატომ ნერვიულობს ხელისუფლება?

- ხელისუფლება შესაძლოა იმიტომ ნერვიულობს, რომ არ სურს "სისუსტის" გამოჩენა და ამით მხარდამჭერებისთვის იმედის გაცურება. "ქართულ ოცნებას" ხომ მხარდამჭერთა ერთი ნაწილი დღემდე ამუნათებს იმის გამო, რომ ოპოზიციის, განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ "სათანადო სიმკაცრეს" არ იჩენს. - არა, ეს სხვა საკითხია. ფაქტია, დღეს პოლიტიკური კრიზისია. საჭიროა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, თანაც რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. ჩვენ უნდა განვსაზღვრით, რა მდგომარეობაში ვართ ახლა და რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ ხვალ. მთავარი ამოცანაა კრიზისისგან მიღებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანა. თუ ამ დროს ვინმეს რამე ეწყინება, ცივი წყალი დალიოს. ჩვენ ქვეყნის მდგომარეობაზე უნდა ვწუხდეთ.

თუ ამ კრიზისიდან გამოსავალს მალე არ ვიპოვით, ეს ყველასთვის ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება.

- ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია, მიიჩნევს, რომ ვითარება სწორად აქვს გაანალიზებული და დათმობას არაფრის ფასად არ აპირებს. რა იქნება, თუ საბოლოოდ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ? - კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდება. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობას. მე არც ხელისუფლების ნავში ვზივარ და არც ოპოზიციის, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ოპოზიციამ თქვა, შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნებზე და ერთად გადავწყვიტოთ, ეს რა ფორმით მოხდებაო, ხელისუფლება კი კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმზე ამბობს უარს.

- კრიზისის უფრო გამწვავება როგორ წარმოგიდგენიათ? - ყველანაირად.

- შეიძლება რევოლუციური სცენარიც გათამაშდეს? - არც რევოლუციური სცენარია გამორიცხული. ეს იმაზეა დამოკიდებული, კრიზისი რა ხარისხს მიაღწევს. ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უფრო უარესდება. ეპიდემია, ბოლოს და ბოლოს, გადაივლის, მაგრამ მივიღებთ დიდ ზარალს. ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უცებ ვერ გამოსწორდება. ამიტომ არ არის გამორიცხული კრიზისის უკიდურესი გამოვლინება. ეს კი ნიშნავს, რომ ხალხი ხელში კეტებს აიღებს. იმედია, ხელისუფლება სცენარის ასეთ განვითარებას ხელს არ შეუწყობს და გონივრულ გამოსავალს მოძებნის.

ხათუნა ბახტურიძე