"უფრო მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო" - კვირის პალიტრა

"უფრო მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო"

"პირველ საკითხად "კოვიდის" შეკავება უნდა დავსვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკაც უკან დაგვრჩება და ბევრი სხვა რამეც"

"რესტორატორების, სასტუმროების, ტურისტული კომპანიების დახმარება და ეკონომიკის ამ გზით გადარჩენა შეუძლებელია", - ამბობს ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ბიზნესი უსამართლო პრეტენზიებს უყენებს ხელისუფლებას, ეკონომიკური კრიზისი და ბიზნესის გაკოტრებამდე მიყვანა კი დიდწილად ხელისუფლების არასწორი მუშაობის შედეგია. ბიზნესმენების დახმარებით ხელისუფლება ვერც მათ გადაარჩენს და ვერც ქვეყანას იხსნის კრიზისიდან. სად არის გამოსავალი, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ბიზნესმენები კი გაკოტრების თავიდან ასარიდებლად, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- რესტორატორების, სასტუმროებისა და ტურისტული ბიზნესის დახმარება ეკონომიკურად შეუძლებელია. სასტუმრო რომც გახსნა, ვინ შევა? ტურისტი რომ არ გვყავს, სახელმწიფოს ბრალი ხომ არ არის, მსოფლიოში პანდემიაა, თითქმის ყველა ქვეყანა ჩაკეტილია და მოგზაურობის სურვილი, ეგზოტიკური გიჟების გარდა, არავის აქვს. შესაბამისად, მოგონილი თემაა, თითქოს ეკონომიკაში პრობლემები იმიტომ არის, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. ხელისუფლება სასტუმროს მეპატრონეს მისი ბიზნესის გადასარჩენად არ უნდა დაეხმაროს, დახმარება მხოლოდ სოციალური უნდა იყოს - ანუ ამ სექტორში დასაქმებულ ხალხს უნდა დაეხმაროს, მოქალაქეებს, რომლებიც თვიდან თვემდე ხელფასით ცხოვრობდნენ და ახლა უსახსროდ დარჩნენ.

- ბიზნესის ერთი ნაწილი ხელისუფლებას არც სთხოვს დახმარებას, ისინი ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო არ შეზღუდავს ბიზნესს, თავად გადაარჩენენ. - შეზღუდვების მოხსნით ან გამარტივებით შეიძლება დღეს გადარჩნენ, მაგრამ იმდენი სისტემური პრობლემა დაუგროვდებათ, უარეს დღეში ჩაცვივდებიან. ბიზნესი პრობლემას დღევანდელი გადასახედიდან უყურებს, წინ არ იხედება.

მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები უნდა მოხსნას. პირიქით, უფრო მკაცრი გეოგრაფიული შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო. არასწორია საკითხის ასე დასმა - სიკვდილის შიში თუ შიმშილის შიში. თუ რომელიმეს მივანიჭებთ უპირატესობას, ორივეს დავკარგავთ.

პირველ საკითხად "კოვიდის" შეკავება უნდა დავსვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკაც უკან დაგვრჩება და ბევრი სხვა რამეც.

- მკაცრ გეოგრაფიულ შეზღუდვებში რას გულისხმობთ? - საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა დაეწესებინათ მკაცრი შეზღუდვები და დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.

დანაშაულებრივ შეცდომად მიმაჩნია, რომ აჭარა სექტემბრის შუა რიცხვებში არ ჩაიკეტა.

არასწორად მიმაჩნია თავის მართლება ტურისტული სეზონის საბაბით. აჭარაში ტურისტული სეზონი 15 სექტემბრისთვის უკვე დასრულებული იყო. ამ პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ ამ რეგიონში იყო მკვეთრად მომატებული. იქიდან დაიწყო ვირუსმა ინტენსიური ემიგრაცია, გადავიდა იმერეთში და შემდეგ თბილისში. ევროპულ ქვეყნებში მყისიერად კეტავენ რეგიონს, ქალაქს, თუნდაც სოფელს, სადაც ვირუსის გავრცელების ზრდა შეინიშნება. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე ამას ჩვენც ვაკეთებდით. გახსოვთ, ალბათ, მარნეულის, შემდეგ სვანეთის ჩაკეტვა როგორი შედეგიანი გამოდგა. როცა მიგრაცია იზღუდება, ვირუსის ლოკალიზაცია ხდება. მერეც შეგვეძლო ამის გაკეთება, უნდა ჩაგვეკეტა აჭარა და ოაზისები შეგვენარჩუნებინა კახეთსა და რაჭაში. ახლა მაინც გავაკეთოთ ეს.

24 საათი რუკას უნდა ვუყურებდეთ და საჭიროებისდა მიხედვით სადღაც უფრო უნდა ვამკაცრებდეთ რეგულაციას, სადღაც კი ვამარტივებდეთ.

- ამ შეზღუდვების დროს რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოიყვანს? - ეკონომიკაში სწრაფი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ამას სჭირდება რუტინული, გრძელვადიანი პროგრამები. ისეთი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომელიც ეკონომიკას გადახდისუნარიანს გახდის. "კოვიდმა" ჩვენი ეკონომიკური პრობლემები გააასმაგა.

ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურა ისეა მოწყობილი და ისეთ სეგმენტებს ეყრდნობა, რომლებიც "კოვიდმა" განსაკუთრებულად დააზარალა და რომლის აღდგენის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. ტურიზმს, უძრავი ქონების სეგმენტს, ტურიზმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურასა და სარესტორნო ბიზნესს ვგულისხმობ. ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის მოდერნიზაციაა. ორიენტაცია უნდა ავიღოთ რეალური სექტორის, საწარმოო სექტორის განვითარებაზე.

დღევანდელი თუნდაც ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მკაცრი პროტექციონისტული პოლიტიკა, ე.წ. კრიტიკული სამომხმარებლო კალათისთვის. მხედველობაში მაქვს კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები. ასეთი პროდუქტები მთლიანად საქართველოში უნდა იწარმოებოდეს. ამით დასაქმების პრობლემასაც გარკვეულწილად მოვაგვარებთ და ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც უზრუნველვყოფთ. დღეს ლოჯისტიკური კავშირები მორღვეული და გაძნელებულია, რაც მხოლოდ გაძვირებით კი არა, დეფიციტითაც არის განპირობებული. ე.წ. კრიტიკული სამომხმარებლო კალათის ჩვენივე ქვეყანაში წარმოება, სხვა ბევრი პრობლემის მოგვარებასთან ერთად, ლარის დევალვაციასაც შეაჩერებდა.

- საწარმოო სექტორის განვითარებისთვის რესურსები გვაქვს? - ხელისუფლებამ ძალიან დიდი კრედიტი დახარჯა არამიზნობრივად. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - ეკონომიკას ვერ გადავარჩენთ, თუ თევზს ვუყიდით. საწარმოო სექტორის ინვესტირებისთვის ანკესის ყიდვა გვჭირდება, ფული უნდა დავატრიალოთ, ვაწარმოოთ და გავყიდოთ თუნდაც პირველადი მოხმარების საგნები. ამით ფულიც შემოვა ბიუჯეტში და ხალხსაც დავასაქმებთ.

დღეს აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადატანილი. თუ ნასესხები ფულით გზას გავიყვანთ და ფულს მიწაში ჩავდებთ, ვალს როგორ გადავიხდით?

კრედიტით აღებული ფული ისეთ წარმოებაში უნდა ჩადო, რაც შემოსავალს გაგიჩენს, მოსახლეობას დაგისაქმებს და კვლავწარმოებაში დაგიბრუნდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ერთი სიტყვაც არ გამიგონია, მხოლოდ ზოგადი ლოზუნგები მესმის.

გამოვა რომელიმე მაღალჩინოსანი და იტყვის, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზეო... დიდი ბოდიში, მაგრამ ამ სიტუაციაში ინვესტიციების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ჩვენი ერთადერთი შანსი შიდასაინვესტიციო პოტენციალის გაჩენაა, ამას კი სახელმწიფოს ნება და შესაბამისი პოლიტიკა სჭირდება.

ხათუნა ბახტურიძე