Arealy - სტარტაპი, რომელმაც სტუმარმასპინძლობის მართვის ერთიანი სისტემა შექმნა - კვირის პალიტრა

Arealy - სტარტაპი, რომელმაც სტუმარმასპინძლობის მართვის ერთიანი სისტემა შექმნა

პანდემიამ სტუმარმასპინძლობის სფერო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა ვაქცინის გამოჩენასთან ერთად 2021 წლისთვის, დიდი ალბათობით, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში სასტუმროების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა სექტორი ხარისხიანი სერვისისა და გამართული მართვის სისტემების დეფიციტს ჯერ კიდევ უჩივის. მრავალი ჰოსტელი, გესთჰაუსი თუ ბინის გაქირავების სერვისი ჯერ კიდევ კალმითა და ფურცლით, ან უკეთეს შემთხვევაში, Excel-ით იმართება. სანამ ბაზარზე Arealy გამოჩნდებოდა, სხვადასხვა გაყიდვის არხის თუ თავად ობიექტის სამართავად საერთო პლატფორმის გამოყენება შეუძლებელი იყო.

"საქართველოში მოგზაურობისას სასტუმროებში ხშირად ვაწყდებოდი პრობლემებს, რაც გამოწვეული იყო პროგრამული უზრუნველყოფის დეფიციტით. ელემენტარული დავალების შესრულებას ძალიან დიდ დროს უთმობდნენ, რასაც ადამიანური შეცდომებიც ემატებოდა. პარალელურად კრეატიულ სააგენტო "ლივინგსტონში" ვმუშაობდი, არაერთ სასტუმროს სურდა მისი დახმარებით გაყიდვების გაზრდა, თუმცა მართვის ელემენტარული სისტემაც არ გააჩნდათ. მივხვდით, რომ ბაზარზე სერიოზული დეფიციტი იყო და იდეაც აქედან გაჩნდა", - გვიყვება გიორგი მაისურაძე.

ბაზარზე Arealy-ს პირველი ნაბიჯები 2017 წელს დაიწყო, როცა სისტემას მხოლოდ რამდენიმე სასტუმრო იყენებდა. დღეს პლატფორმა ისეთი კომპანიების პარტნიორია, როგორიცაა Booking.com, Expedia.com, Hosteworld.com და ა.შ. სასტუმროსა თუ ჰოსტელის მმართველი თითოეულ არხს Arealy-ს მეშვეობით რეალურ დროსა და ერთ სივრცეში მართავს.

"მომავალში ვაპირებთ პარტნიორების სიის გაფართოებას, სასტუმროებს დავეხმარებით წარმოდგენილი იყვნენ რაც შეიძლება მეტ ადგილას, რაც მათ შემოსავლების მაქსიმიზაციაში დაეხმარება. გარდა ამისა, სასტუმროებს ვთავაზობთ ერთ დღეში მზა ვებგვერდს ონლაინჯავშნის მისაღებად, რომელიც ავტომატურ რეჟიმში სინქრონიზდება სხვა გაყიდვების არხებთან. საკუთარი ვებგვერდიდან შემოსული რეზერვაციები თავისუფალია საკომისიოსგან, თან ჩვენი პროდუქტი სრულად ღრუბლოვან სისტემაზეა განთავსებული და ინსტალაციას და ტექნიკური პირების ჩართულობას არ საჭიროებს", - ამბობს გიორგი.

მისი თქმით, 500 Startup-ის საქართველოში შემოსვლა დიდი მოვლენაა და აქსელერატორის გამოცდილების გაზიარება Arealy-ს საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად დაეხმარება.

"აქამდე საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორები არ იყვნენ ჩვენს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებული. "საქართველოს ბანკის" დიდი ძალისხმევით ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა. მათი წყალობით უამრავ დამწყებ კომპანიას უცხოეთში განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობა მიეცა. 500 Startup-ის ცოდნა და გამოცდილება ქართველი სტარტაპერებისთვის დიდი ნახტომი იქნება ახალ რეალობაში", - ამბობს გიორგი მაისურაძე.

500 Startup-ისა და "საქართველოს ბანკის" თანამშრომლობით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, უკვე მიმდინარეობს აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადი, რომლის მიზანიც სტარტაპერებისთვის უნიკალური გამოცდილების მიღება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.

500 Georgia-ს მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპკომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკოსისტემის წევრები. ამჟამად აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადში 15 კომპანიაა ჩართული. ესენია: Activechat, Agrolabs, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me.

აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში 15-მა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა კი 5 მლნ აშშ დოლარს აღემატება. პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი, ჩარდეალ და ჩარგონ, 2021 წლის გაზაფხულზე "სილიკონ ველიზე" გაემგზავრება, სადაც 500 Startupს-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.