"იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას" - კვირის პალიტრა

"იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას"

პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მისაღები იქნება პლებისციტი იგივე ცესკო-ს პირობებში მათთვის, უგულავა აცხადებს, რომ მათი შეთავაზება შედგება რამდენიმე პუნქტისგან, რომელთა შორის ერთ-ერთი ცესკო-ს რეფორმაა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

"პლებისციტი ნიშნავს ვკითხოთ ხალხს, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, სრულიად ლოგიკურია, რომ კითხო ხალხს, ოღონდ რა უნდა ჰკითხონ, ეს არის მნიშვნელოვანი. პლებისციტს მე პირადად ვუყურებ, როგორც შუალედურ რგოლს იმისათვის, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. შესაბამისად, თავისთავად აღებული პლებისციტი არის მექანიზმი ვკითხოთ ხალხს. ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები“,- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, მათი შეთავაზება რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

"მინდა სიცხადე შევიტანო, ჩვენი შეთავაზებები შედგება რამდენიმე პუნქტისაგან და ეს შემიძლია ღიად ვთქვა, რადგან პირველი ნოემბრიდან ამას ვიძახი : პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს სრული რეფორმა და რიგგარეშე არჩევნები. ეს არის სრული პაკეტი. ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება. პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რიგგარეშე არჩევნები რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას. ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ სამართლიანად ჩატარდა, გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი. ჟვანიას ან იმ კანონმდებლობის პირობებში, რაც დღეს "ქართულ ოცნებას“ თავის თავზე აქვს მორგებული, ეს ვერ და არ განხორციელდება“, - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას, როგორც უგულავა აღნიშნავს, შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათისაა და მასზე რაიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილებები არ მიიღება.

"შეხვედრაზე რაც ელჩებს გადავეცით იმაზე იქნება მსჯელობა და სტრატეგიაზე თუ დაინიშნა მესამე რაუნდი, ასე რომ უფრო შიდაოპოზიციური საკონსულტაციო შეხვედრაა და რაიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება, ჩვენ პრინციპში უკვე ერთიანი დოკუმენტი შემუშავებული გვაქვს და ფასილიტატორი ელჩების საშალებით გადაცემულია ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"