"როგორც ბევრს, მეც სტერეოტიპული შეხედულება მქონდა, მაგრამ ჩავედი და ვნახე ერთი საუკუნით წინ წასული ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"როგორც ბევრს, მეც სტერეოტიპული შეხედულება მქონდა, მაგრამ ჩავედი და ვნახე ერთი საუკუნით წინ წასული ქვეყანა"

"ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ყველანი არიან მაღლები და თეთრები. იქ მე საშუალო სიმაღლის ადამიანად ვითვლებოდი და არა - გოლიათად, როგორც მეგონა"

25 წლის ანა არველაძე ჩინეთში, ცინტაოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ამჟამად საქართველოშია და ონლაინ ესწრება ლექციებს. მასთან ჩინური ყოფა-ცხოვრებისა და არაერთი საინტერესო წეს-ჩვეულების შესახებ ვისაუბრეთ.

- ზამთრის არდადეგებზე ჩამოვედი საქართველოში. ასე უფრო მშვიდად ვარ მეც და ჩემი მშობლებიც. დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტი, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, მოვიპოვე სამთავრობო სტიპენდია და ასე მოვხვდი ქალაქ ცინტაოში. მიფინანსდება იქ ცხოვრება და სწავლა, მაქვს ყოველთვიური სტიპენდია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2007 წელს დავიწყე ჩინურის შესწავლა. მაშინ მე-7 კლასში ვიყავი. აზიური კულტურა ძალიან მომწონდა და მშობლებს ვთხოვე, ჩემთვის ხელი შეეწყოთ. მაშინ ჩინურის მასწავლებლის პოვნა ძნელი იყო. მეუბნებოდნენ, რად გინდა ჩინური, რომელიმე ევროპული ენა ისწავლეო, მაგრამ ვერ გადამათქმევინეს. ჯგუფიდან ბოლომდე მხოლოდ მე შემოვრჩი და დღემდე კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. ჩინური ენის შესწავლა ძნელია. ზოგჯერ მეც ვფიქრობდი, თავი დამენებებინა, მაგრამ თურმე ადამიანი რასაც გულით მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს. ჩინეთის უნივერსიტეტებში უმაღლესი მათემატიკისა და ეკონომიკის სწავლაც კი ჩინურად მომიხდა, თუმცა ყველა დაბრკოლება გადავლახე.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ქვეყანამ, ხალხმა? - ჩინეთზე, ჩინელებზე, მათ კულტურაზე როგორც ბევრს, მეც სტერეოტიპული შეხედულება მქონდა. მეგონა, ნაკლებად განვითარებული იყო, მაგრამ ჩავედი და ვნახე ერთი საუკუნით წინ წასული ქვეყანა. ტექნოლოგიური განვითარების გარდა, გამიკვირდა ისიც, რომ ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მე ვცხოვრობ, ყველანი არიან მაღლები და თეთრები. იქ მე საშუალო სიმაღლის ადამიანად ვითვლებოდი და არა - გოლიათად, როგორც მეგონა...

საქართველოში 9-10 საათზე რომ იწყება სწავლა, იქ 8 საათზე უკვე ყველაფერი მუშაობს. ჭამენ საათობრივად - 12-ზე, 3-ზე, 6-ზე. გამოყოფილი აქვთ დრო ვარჯიშისთვის, იძინებენ ადრე - მოკლედ, ყველა იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. როცა მითქვამს, 12 საათზე დავიძინე-მეთქი, გაჰკვირვებიათ, მანამდე რას აკეთებდიო? მოხუცები თითქმის ყოველდღე გადიან ქუჩაში, ცეკვავენ, დარბიან... მშურდა მათი, რადგან 25 წლის ვარ და მეც კი არ შემიძლია ის, რაც იქაურ მოხუცებს.

სავაჭრო ცენტრების წინ არის მოედნები, სადაც პენსიონრები ცეკვავენ. ამას სავაჭრო ცენტრების ცეკვას ეძახიან. ყოველ საღამოს შეესწრებით ამ სანახაობას. ასრულებენ ტრადიციულსა და ევროპულ ცეკვებს, ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც. სასიამოვნოა ასაკოვანი ხალხის ასეთი აქტიურობა. მაყურებლებსაც ეპატიჟებიან, ჩემთვისაც უთქვამთ, ხომ არ შემოგვიერთდებიო. კაცებიც დიდი სიამოვნებით ცეკვავენ, პენსიონერი წყვილებიც...

- ე.ი. ღირს სიბერის ჩინეთში გატარება... - ნამდვილად ღირს. შაბათ-კვირას მიდიან სალაშქროდ, მიაქვთ ფოტოაპარატი და ფოტოსესიებს აწყობენ. ძალიან უყვართ თანხის დაზოგვა არა მხოლოდ შავი დღისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან.

- საერთოდ ხელმომჭირნე ხალხია? - აზიელებს, განსაკუთრებით იაპონელებს, კორეელებსა და ჩინელებს ახასიათებთ ხელმომჭირნეობა. სულ აქვთ დანაზოგი. ბებიები უგროვებენ თანხას შვილიშვილებს ბინისთვის ან ქორწილისთვის.

ჩინეთში კერძო ქონებას უსაშველო ფასი აქვს. კარგად იციან ფულის ყადრი, რადგან ადვილი არ არის ფულის გამომუშავება. ცინტაოში უმეტესობა შეძლებულია, თუმცა იქაც არიან ღარიბები, ვისაც სახლი არ აქვს და ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. არის მხარეები, სადაც უკიდურესი სიღარიბეა.

- რა აღმოჩნდა მიუღებელი, რას ვერ შეეგუეთ? - ბევრი ჩინელი მეგობარი არ მყავს, რადგან ჩაკეტილები არიან, მით უფრო - უცხოელებთან. აზიაში ცხოვრება იმიტომ არის რთული, რომ ბოლომდე განსხვავებულად რჩები შენი გარეგნობისა თუ ცხოვრების წესის გამო. გასაკვირი აღმოჩნდა ბიჭებისა და გოგონების ურთიერთობაც. მათ შორის მეგობრობა წარმოუდგენელია - მიიჩნევენ, რომ საპირისპირო სქესის მხოლოდ პარტნიორი შეიძლება გყავდეს. როდესაც ვთქვი, რომ მეგობრებთან, მათ შორის, ბიჭებთან ერთად ვიყავი, მაგალითად, სალაშქროდ, გაოგნდნენ. ერთხელ ლექტორმაც მითხრა, ჩვენ ვასწავლით, რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა თითქმის შეუძლებელიაო, თუმცა არიან გამონაკლისებიც.

კონსერვატორები არიან, ნაკლებად გენდობიან, რაკი უცხოელი ხარ, თუმცა დიდ პატივს გცემენ. გპატიჟებენ დღესასწაულებზე, მაგალითად, ახალ წელს, რომელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ერთი კვირა ყველა ოფიციალურად ისვენებს და ზეიმობს. ამ დღესასწაულზე სადაც უნდა იყო, აუცილებლად უნდა დაბრუნდე ოჯახში. სასმლის დიდი ამტანობით არ გამოირჩევიან, ლუდს უფრო მიირთმევენ.

სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე წელია, ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინო შედის. უფრო და უფრო მოდური ხდება კლუბური ცხოვრებაც, მაგრამ ასეთი გართობა იქ ძალიან ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

სხვათა შორის, ჩინელები და ქართველები ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს. სტუმრად მისვლისას, სასურველია, ხელცარიელი არ მიხვიდე და ტკბილეული მიიტანო, როგორც ჩვენთან. ბავშვებს იქაც ხელისგულზე ზრდიან, არაფერი არ უნდა აკლდეთ, თუმცა 2-3 წლიდან უამრავ წრეზე დაჰყავთ. საღამოს 8 საათამდე მეცადინეობენ და მაქსიმუმ ერთი საათი აქვთ გასართობად, შაბათ-კვირასაც კი დამატებით წრეებზე დადიან. უფროს ადამიანს დიდ პატივს სცემენ, ის ყოველთვის მართალია და ვერ შეეპასუხები.

ადრეულ ასაკში ქორწინება მიუღებელია. კანონით ბიჭს უფლება არა აქვს, 22 წლამდე მოიყვანოს ცოლი, გოგოს კი 20 წლამდე ეკრძალება გათხოვება. პროვინციებში ჯერ კიდევ მოდურია გარიგებით ოჯახების შექმნა. ახალგაზრდები ხშირად მშობლის არჩევანს პატივს სცემენ და თანხმდებიან. დიდ ყურადღებას აქცევენ ასტროლოგიას და ხშირად სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ ქორწინების თარიღს.

- ანა, საინტერესოა, როგორ დაიწყო ჩინეთში პანდემია, როდის გაიგო ამის შესახებ მოსახლეობამ და როგორ?

- როგორც იცით, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ჯერ კიდევ დეკემბერში ჩვენი უნივერსიტეტისგან მივიღეთ შეტყობინება, ვინც არ ვბრუნდებოდით ჩვენს ქვეყნებში, მოვრიდებოდით უხანს და თავი დაგვეცვა. მაშინ არ იყო კორონაზე ლაპარაკი, არც სხვა ინფორმაცია გვქონდა. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ იყო ცუდი ვირუსი, რომელსაც უკუჩვენებები ჰქონდა.

ცინტაოში დეკემბერ-იანვარში ბევრს შეხვდა ვირუსი, მეც ძალიან ცუდად ვიყავი, მქონდა თითქმის ყველა სიმპტომი, რაც კორონას ახასიათებს, მაგრამ ანალიზები არ გამიკეთებია, მაშინ ყველამ ჩათვალა, რომ ჩვეულებრივი გრიპი იყო. 27 იანვრიდან დაიწო ჩაკეტვა, აიკრძალა ფრენა, გამოცხადდა სრული მობილიზება და ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ.

უხანი ცინტაოსგან შორს არის, ამიტომაც ბოლომდე დარჩა უსაფრთხოდ - ძალიან ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა... სექტემბრიდან გაიხსნა საზღვარი მხოლოდ მათთვის, ვისაც ნათესავები ჰყავს ჩინეთში, ან გათხოვილია იქ, ან შვილი ჰყავს. ასეთი შეზღუდვები იცავს ქვეყანას. ყველა სარგებლობს აპლიკაციით, რითიც ცნობილია მათი გადაადგილების ტრაექტორია. სექტემბერში ცინტაოში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ჩაიკეტა ქალაქი და სამ დღეში 7 მილიონი ადამიანი დაიტესტა. იქ არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის. ხალხმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოსულიყვნენ სახლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჩაკეტვა ჯერ არ იყო გამოცხადებული. ჩინელები სხვის ჯანმრთელობას დიდ პატივს სცემენ...

- სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო თუ ვიდეო გავრცელდა, რომ ჩინელები ვირთხებითა და ღამურებით იკვებებიან და სწორედ ამან გამოიწვია კორონავირუსის გავრცელება... - ასეთი ფოტოები დღემდე ვრცელდება და ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარიც იწერება ჩინელების მისამართით. თუმცა ჩინეთში ნამდვილად არსებობს ე.წ. სველი ბაზრები, უფრო სამხრეთ ნაწილში. ცინტაოში წარმოუდგენელია ვინმეს აკადრო და ჰკითხო, ღამურა ან ვირთხა ნაჭამი გაქვს თუ არაო.

არის პროვინციები, რომლებიც სიღარიბით გამოირჩევა, სადაც დღესაც ხდება მსგავსი რამ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ღამურებს ჭამს? სველი ბაზრები უკვე აკრძალეს. თანაც დღემდე არ არის დადასტურებული, როგორ გაჩნდა ეს ვირუსი. ჩინეთის მიმართ აგრესია ყოველთვის იყო, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ არ არის განუვითარებელი ქვეყანა, სადაც ძაღლებსა და ვირთხებს დასდევენ და ჭამენ.

- თქვენი გეგმების შესახებაც მითხარით. წელს მაგისტრატურას ამთავრებთ. თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას და აქ მუშაობას? - თუ შესაძლებლობა მომეცემა, მინდა ერთი წელი კიდევ ვიცხოვრო ჩინეთში და ჩემი პროფესიით - საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის განხრით ვიმუშაო კომპანიაში, რომელსაც ურთიერთობა ექნება საქართველოსთან. მინდა, წვლილი შევიტანო ქართული პროდუქციის გატანასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაში, ღვინის გარდა სხვაც ბევრი რამ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩინეთს. შემდგომ კი, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დავბრუნდე და ჩემი გამოცდილება და ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმარო.

ნინო ჯავახიშვილი