"ვისაც ვირუსი ურთულდება, არ ნიშნავს, რომ განაჩენი აქვს გამოტანილი" - კვირის პალიტრა

"ვისაც ვირუსი ურთულდება, არ ნიშნავს, რომ განაჩენი აქვს გამოტანილი"

"დაინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ვისაც ვირუსი ურთულდება, უმეტესობას თანმხლები დაავადებები აქვს, მაგრამ მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. ასეთ ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განაჩენი აქვთ გამოტანილი. მყოლია კოვიდდადასტურებული დიაბეტიანი, ასთმიანი, ინსულტიანი პაციენტები, რომელთაც მინიმალური სიმპტომები ჰქონდათ და შინ იმკურნალეს..."

თამთა ლაშხია სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 2015 წლიდან მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმად. მისი ბავშვობის ოცნება იყო ექიმობა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ ისეთ ვირუსთან მოუწევდა ბრძოლა, როგორიც "კოვიდ-19"-ია. პროფესიის წყალობით ხშირად ვერ მიდის დედის დაბადების დღეზე, მეგობრის ქორწილში, ვერ ხვდება შობა-ახალ წელს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ზოგჯერ თავის დაბადების დღესაც კი "სასწრაფოს" მანქანაში ატარებს, თუმცა მაინც კმაყოფილია, რადგან ძალიან უყვარს თავისი საქმე. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში, სადაც "სასწრაფო დახმარების" ორი ექიმი ვალსს ცეკვავს, ერთი სწორედ თამთაა, მეორე კი უფროსი ექიმი მაიკო ქურდაძე. როდესაც მათი და რამდენიმე პაციენტის ტესტირების პასუხები ნეგატიური აღმოჩნდა, საკუთარი თავის, კოლეგებისა თუ სხვათა გასამხნევებლად და კარგი განწყობის შესაქმნელად სახელდახელოდ, სპეცეკიპირებით იცეკვეს ვალსი.

- ერთადერთი, რაც მუშაობას მიმარტივებს, ჩემი საქმის სიყვარულია. მახსოვს პირველი დღე და პირველი გამოძახება. დანაშაულის ადგილას მოგვიხდა მისვლა. მომდევნო დღეებში პრესა გამუდმებით ამ ამბავზე წერდა, აშუქებდნენ ტელევიზიებიც. მიზეზთა გამო მოვერიდები ამ ამბის გახსენებას, საბედნიეროდ, დაზარალებული გადარჩა. იმ სიტუაციაში ისეთი პროფესიონალიზმი გამოავლინა ბრიგადამ, ვიფიქრე, რომ სადაც საჭირო იყო, სწორედ იქ მოვხვდი - ძალიან გამოცდილ ბრიგადასთან.

- ასეთ სიტუაციებში არ იბნევით ხოლმე?

- იმ წუთში სხვა არაფერზე ფიქრობ, მერე კი ცივი გონებით რომ "ხარშავ", გიკვირს, როგორ გააკეთე. "სასწრაფოს" ექიმი მობილიზებული უნდა იყოს, სწრაფად უნდა იაზროვნოს, სხვანაირად ვერ იმუშავებს. ჩვენი პროფესია საინტერესო იმითაც არის, რომ უამრავ ოჯახში შედიხარ, უამრავ ადამიანს იცნობ. წინა კვირას, ერთ-ერთი მორიგეობის დროს, გამოძახებაზე მივედით და პაციენტი 107 წლის უსაყვარლესი ბებო აღმოჩნდა, ისეთი ყოჩაღი, ისეთი ჯანმრთელი და მხნე, ვერც კი წარმოიდგენთ! გვყავდა 84 წლის პაციენტიც, რომელსაც სიცხე ჰქონდა და არ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა დაინფიცირებული ყოფილიყო. მას კორონავირუსი დაუდასტურდა და, ფაქტობრივად, შინ გადაიტანა. როდესაც ამბავი გამოვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ თურმე მანამდე მეუღლე გარდაეცვალა (ოღონდ სხვა დაავადებით) და ახლობლებმა იმდენი ამშვიდეს, ამხნევეს და კოცნეს საწყალი ქალი, რომ კორონა დამართეს.

- თამთა, ხშირად ისმის საყვედურები ექიმების, განსაკუთრებით - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიმართ. ამბობენ, რომ მათ ავადმყოფები კლინიკებში არ გადაჰყავთ. სინამდვილეში რა მდგომარეობაა? - დიახ, ხშირად გვსაყვედურობენ დაგვიანების გამო, მაგრამ ადგილზე მისული მდგომარეობას რომ უხსნი, რომ ხედავენ, ყველაფერს აკეთებ პაციენტისთვის, მადლობას გვიხდიან. ახლა რთული პერიოდია.

უამრავი ადამიანი რეკავს "112"-ზე, რომელიც ამ ზარებს ახარისხებს და ისეთ პაციენტთან, ვინც მძიმეა - ვთქვათ, ავარიაა, თვითმკვლელობა ან ტრავმა, დროულად მივდივართ, მაგრამ როცა მდგომარეობა სტაბილურია და ვიღაცას მცირე ჩივილები აქვს, მოცდა უწევს, თუმცა მისვლით ყველასთან მივდივართ, გამორიცხულია, რომელიმე მისამართზე არ მივიდეთ. ვიღაცას შეიძლება რამდენიმე საათი მოუწიოს ლოდინმა, მაგრამ ეს მისი სიცოცხლისთვის საშიში არ იყოს, ვიღაცისთვის კი შეიძლება 10 წუთი იყოს გადამწყვეტი. მესმის, როცა ექიმს ელოდები, ბრაზდები და ღიზიანდები, რომ იგვიანებს, მაგრამ თქვენ ხომ ვერ ხედავთ სხვას, ვინც იმწუთას სიცოცხლისთვის იბრძვის და ვისთვისაც 2 წუთიც კი გადამწყვეტია...

სეზონურ გრიპებზე ყოველთვის ასეთი მდგომარეობა იყო, შარშანაც უამრავი გამოძახება გვქონდა - დღე-ღამეში ხან 20-25, მაგრამ მაშინ ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდათ და მდგომარეობას ოჯახის ექიმი მართავდა. პოლიკლინიკებში იკეთებდნენ რენტგენს, ანალიზებს. მახსოვს, ერთ მორიგეობაზე 33 გამოძახება გვქონდა. ეს ყველაფერი დამღლელია, მაგრამ ვუძლებთ. მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ.

- წინა კვირას 19 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროში იწვა... - ნამდვილად არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა მოხდა, მაგრამ გეტყვით, რომ მძიმე პაციენტის გადაყვანა გართულებულია... შეიძლება პირველ ჯერზე ვერ გადავიყვანოთ, მაგრამ ასეთი პაციენტები ლოდინის რეჟიმში გადადიან და როდესაც ვინმე გაეწერება, მერე მიგვყავს კლინიკაში.

დაინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ვისაც ვირუსი ურთულდება, უმეტესობას თანმხლები დაავადებები აქვს, მაგრამ მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდა. თანმხლები დაავადებებით ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განაჩენი აქვთ გამოტანილი. ძალიან ვერაგი ვირუსია, მაგრამ სწორად მართული დაავადება, ძირითადად, კეთილსაიმედოდ მთავრდება. მყოლია კოვიდდადასტურებული დიაბეტიანი, ასთმიანი, ინსულტიანი პაციენტები, რომელთაც მინიმალური სიმპტომები ჰქონდათ და შინ იმკურნალეს.

- თქვენს კოლეგებს შორის ბევრია დაინფიცირებული? - როცა პირველი შემხები რგოლი ხარ, დაინფიცირება მოსალოდნელია, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ბევრს ვიგებთ ამ ვირუსზე, სავარაუდო გართულებებზე, მკურნალობის მეთოდებზე. როდესაც მეტი იცი, არც ძველებურად საშიში აღარ არის და თანდათანობით მართვადიც ხდება. ჩემს მეწყვილესაც დაუდასტურდა კორონავირუსი. სამწუხაროდ, ზოგი პაციენტი მიზანმიმართულად მალავდა სიმპტომებს, ზოგიც - შეუგნებლად. ზაფხულში, როცა ეპიდვითარება ასეთი მძიმე არ იყო, მისამართზე გასვლის წინ გამოვიკითხავდით ხოლმე, სიცხე ან რამე სხვა მახასიათებელი თუ ჰქონდა პაციენტს. ეკიპირების გარეშე მისვლა გვერჩივნა, რადგან სათვალიდან ცუდად ხედავ, ფორმით ძლივს მოძრაობ და მანიპულაციების ჩატარება გიჭირს, ამიტომ ჯობდა, პაციენტს მაღალი ხარისხის მომსახურება მიეღო და ჩვენ ნაკლებად დაცული ვყოფილიყავით, ამიტომ ბევრი ექიმი დაინფიცირდა.

ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მკურნალობის ყველაზე კარგი მეთოდია პრევენცია, ვაქცინაცია. სამედიცინო სფერო იმედის თვალით უყურებს ვაქცინის შექმნას, თუმცა საზოგადოებაში ამის გამო ეჭვიც ჩნდება, მაგრამ ფარმაკოლოგიური ინჟინერია და ტექნოლოგიები ისე დაიხვეწა, ვფიქრობ, ახალი ვაქცინა ნაკლებად სახიფათო იქნება. მთავარია, ვირუსს ჰქონდეს ისეთი უნარები, რომ მასზე ვაქცინით იმოქმედო. მაგალითად, დღემდე არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ასევე ვირუსული დაავადებაა, მაგრამ ისეთი ბუნების, რომ ვაქცინას ვერ ქმნიან.

- საუბრის ბოლოს ისიც გავუმხილოთ მკითხველს, რომ ძალიან გიყვართ პოეზია და თვითონაც წერთ ლექსებს. სოცქსელში თქვენმა კოლეგებმა თქვენი ერთი ლექსი გაავრცელეს... - "თუ ბრძოლის ველზე ფეხი დამიცდა,/ არცკი იფიქრო, ომი მოიგე./ არც ის იფიქრო, მკვლელო ვირუსო,/ შენთან ყაიმზე, ფრეზე მოვრიგდე./ ისევ აღვსდექი, "მუხრანის ბოლოს"/ ისევ ავლესავ შენთვის იარაღს!/ ვერ დამამარცხებ, ვერ მომერევი,/ვერ დამიტოვებ სულში იარას".

ეს ლექსი პირდაპირ ბახილზე დავწერე სამსახურში და მივუძღვენი ყველა ექიმს, ვინც ამ ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის, ვინც თუნდაც ერთ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ვინც ვაქცინას იგონებს... ჩვენ ყველა ერთად ვიბრძვით, თუმცა ერთმანეთს არ ვიცნობთ.

ნინო ჯავახიშვილი