"სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა სარკინიგზო ომი გაჩაღდეს" - რას და რატომ პროგნოზირებს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი? - კვირის პალიტრა

"სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა სარკინიგზო ომი გაჩაღდეს" - რას და რატომ პროგნოზირებს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი?

აშშ-ის "ჯეიმსთაუნის ფონდის" ("The Jamestown Foundation") ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა სარკინიგზო ომი გაჩაღდეს", სადაც მიმოხილული და გაანალიზებულია სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დადებული სამმხრივი შეთანხმების (ომის შეწყვეტის) ფონზე. მასალის ავტორია ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი პოლ გობლი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

"რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, შესაძლებელი გახდა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება. ეს დერეფნები სომხეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს - როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ისე - აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ახალი დერეფნების მეშვეობით გაიზრდება სავარაუდო სატრანსპორტო მარშრუტები და ტვირთების გადაზიდვა.

კერძოდ, აზერბაიჯანსა და თურქეთს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირი სარკინიგზო კავშირის რეალიზება სომხეთის ტერიტორიის - ზანგეზურის (მეგრის რაიონის) გავლით. ასევე, სომხეთი, ირანი და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუკავშირდებიან ნახიჩევანზე გამავალი რკინიგზის ამოქმედებით.

საერთოდ, ნახიჩევანს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალ სატრანსპორტო რეალიებში, რომელიც ბოლო დროს გაჩნდა რეგიონში. თურქეთს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი რკინიგზის აგება ნახიჩევანთან დასაკავშირებლად: როგორც ცნობილია, თურქეთი უშუალოდ ესაზღვრება აზერბაიჯანის ამ ნაწილს 10-კილომეტრიანი საზღვრით. რკინიგზის მშენებლობაზე, დაახლოებით, 5,7 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. თუმცა მანამდე გაიზრდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადეს, რომ სამხრეთ კავკასიის აღნიშნულ ნაწილში კომუნიკაციების მოგვარება ყველა მხარისთვის სასარგებლო და მომგებიანი იქნებაო.

მაგრამ არც ნიკოლ ფაშინიანს და არც სერგეი ლავროვს არაფერი უთქვამთ ერთი ასპექტის შესახებ: სამმხრივი განცხადება-შეთანხმების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფლები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ აზერბაიჯანსა და მის ავტონომიას - ნახიჩევანს შორის მოძრაობის აღდგენაში და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ აქ საბჭოთა პერიოდში მოქმედი რკინიგზა უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. როგორც ცნობილია, ნახიჩევან-ორდუბად-ზანგილანის რკინიგზა ნაწილობრივ სომხეთის მეგრის რაიონის ტერიტორიაზე გადის, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტია, არ მუშაობდა. შესაბამისად, მეგრის რაიონში და ზანგილანში, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, რკინიგზის ლიანდაგები აყრილია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია. მისი აღდგენა უდიდეს თანხებთან არის დაკავშირებული.

რასაკვირველია, აზერბაიჯანი და თურქეთი საჭირო თანხებს გამოძებნიან, მაგრამ სომხეთს გაუჭირდება. ჩნდება კითხვა - შეძლებს თუ არა სომხეთი, თავის მხრივ, რუსული ან დასავლური ინვესტიციების მიზიდვას?

ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთის იმპერიის ხელისუფლება, სარკინიგზო ტრანსპორტის სწრაფად განვითარებისთვის, განიხილავდა ე.წ. ამიერკავკასიის ტრანსსიბის (ტრანსციმბირის მაგისტრალის მსგავსი) პროექტს, რაც იმას მეტყველებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთი რეგიონის კომუნიკაციებს. რუსეთის ტრანსკავკასიური რკინიგზა 1965-1949 წლებში ეტაპობრივად შენდებოდა. თურქეთისკენ (ყარსისკენ) მიმავალი განშტოება აიგო 1899 წელს, ირანისკენ (ჯულფისკენ) კი - 1911 წელს. 1930-1940-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ააშენა რკინიგზა ირანის საზღვრის (მდინარე არაქსის) გასწვრივ, სომხეთის მეგრის რაიონის გავლით, რომელმაც ნახიჩევანის ავტონომია აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას დაუკავშირა. ამ რკინიგზამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკული და ბრიტანული იარაღის საბჭოთა კავშირში შეტანის საკითხში ("ლენდ-ლიზის" შეთანხმებით). ექსპერტთა აზრით, თუ რკინიგზის ეს მონაკვეთი ამოქმედდება, ვაჭრობა და მგზავრთა გადაყვანა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ რკინიგზის ამოქმედების საკითხში მისი დომინირება უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ მას მაინც მოუწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. [გასათვალისწინებელია ის, რომ "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფნის ჩარჩოებში შენდება აზერბაიჯან-ირანის რკინიგზა "ასტარა-რეშტი-ყაზვინი", ასევე, მოქმედებს "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზაც]. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა და როგორ იქნება, მაგრამ ჰორიზონტზე აშკარად მოჩანს - რკინიგზის მარშრუტებს შორის ბრძოლა იწყება... (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ