"სააკაშვილმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, რუსეთის გავლენით ბევრ რამეს აკეთებდნენ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, რუსეთის გავლენით ბევრ რამეს აკეთებდნენ"

"როცა ასეთი დიდია ქართული პოლიტიკური პროცესის მიმართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესი, ეს მიანიშნებს საგარეო საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება ამ შიდაპოლიტიკური კინკლაობისა და დაპირისპირებისას აღარც გვახსოვს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

- შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრებისას "ნაციონალური მოძრაობიდან" თავისთან სალაპარაკოდ დაიბარა გრიგოლ ვაშაძე და კობა ნაყოფია. ეს უკანასკნელი დღესაც რუსეთის მოქალაქეა, ვაშაძეს კი, მოგეხსენებათ, რუსეთთან რა მჭიდრო ურთიერთობაც აქვს.

უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ამერიკისთვის მხოლოდ შიდა პროცესი არ არის და ამაში ის, სავარაუდოდ, რუსეთის კვალს ხედავს. ჯერ კიდევ არჩევნებამდე გვაფრთხილებდნენ აშშ-ის ელჩიც და სხვა პარტნიორებიც, შეიძლება რუსეთმა თქვენს არჩევნებში ჩარევა სცადოსო.

რუსეთისგან მომავალი საფრთხე დღეს ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს. კრემლი დაინტერესებულია, რომ კავკასიაში დასავლეთისთვის ოაზისად დარჩენილი საქართველოც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს.

თუ ეს ვერსია სწორია და რუსეთი თამაშობს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებით, როგორც მისთვის ხელსაყრელი ინსტრუმენტით, სავარაუდოდ, ეს ჯიუტი, არალოგიკური პროტესტი კვლავაც გაგრძელდება მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის კერა.

- გეთანხმებით. შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოც კია არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ პროცესში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობის მასშტაბი. ისინი ძალიან მოწადინებული ჩანან, რომ მოხერხდეს შეთანხმება და განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ამ დროს სრულიად გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პროდასავლური პარტიის პოზიცია, რომლის წარმომადგენლები, მათ შორის - ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც დასავლელ დიპლომატებს ლამის რუსეთის აგენტებად აცხადებენ და უკიდურესად უხერხული ფრაზებით მოიხსენიებენ.

- სააკაშვილს სჩვევია დასწრებაზე თამაში, ანუ იმის სხვისთვის დაბრალება, რისი ჩამდენიც თვითონ არის. მაქვს ეჭვი, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ რუსულ თამაშს თამაშობს, თუმცა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ბევრი რამ მაეჭვებდა.

მხოლოდ აგრესიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კურსის მაჩვენებელი, ეს შეიძლება შირმაც ყოფილიყო. ჩემთვის 2008 წლის ომი არის ლუსტრაცია იმისა, თუ როგორ დაასხა რუსეთის ინტერესებზე წყალი "ნაციონალურმა მოძრაობამ". ხომ გახსოვთ, ის ტერიტორიები, რომელიც მანამდე რუსეთისა და ადგილობრივი სეპარატისტების გავლენის ქვეშ არ იყო, ჯერ მიაწერა აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთს, შემდეგ კი, ამ ხუთდღიანი ომის შემდეგ, მათ გადასცა... ეს რით შეიძლება აიხსნას? ამაზე პასუხი დღემდე ვერ მოვისმინე...

სააკაშვილმა რუსეთიდან ჩამოიყვანა ადამიანები, რომლებიც, ვფიქრობ, რუსეთის გავლენით ბევრ რამეს აკეთებდნენ. ვგულისხმობ ცხონებულ კახა ბენდუქიძეს და გრიგოლ ვაშაძეს. მათ ემატება სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც თავის დროზეც აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მართვაში და ახლაც აქტიურად ცდილობს წყლის ამღვრევას. ეს ადამიანი ვის ინტერესებს იცავს, ყველას კარგად მოეხსენება...

მე პირდაპირი ბრალდების წაყენების უფლება არ მაქვს, მაგრამ ეჭვისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მიზეზია...

სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მედასავლეთეები არიან, როცა სჭირდებათ, მაგრამ თუკი პარტნიორმა ქვეყნებმა მათთვის საჭირო ნაბიჯი არ გადადგეს, პირველები თვითონ ესვრიან ქვას. ამ ძალის პროდასავლურობა მე ძალიან მაეჭვებს. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გაარკვიოს ქართველმა საზოგადოებამ, თორემ კიდევ ბევრი შეცდომა შეიძლება დავუშვათ. რაც ახლა საქართველოში ხდება, ამას შიდა პოლიტიკურ ბრძოლას კი ვარქმევთ, მაგრამ იქნებ არც არის ეს შიდა პოლიტიკური ბრძოლა და საქართველო დღესაც საგარეო, დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლის არენაა? იხილეთ სრულად