"ხისტი პოზიცია არის გზა არსაითკენ. შეუძლიათ, კატა-თაგვობანა უსასრულოდ ითამაშონ" - კვირის პალიტრა

"ხისტი პოზიცია არის გზა არსაითკენ. შეუძლიათ, კატა-თაგვობანა უსასრულოდ ითამაშონ"

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დროულად უნდა გადაიჭრას. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, შევა თუ არ შევა ოპოზიცია პარლამენტში, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება.

მისი თქმით, შესაძლოა, ეს არა უახლოეს პერიოდში, არამედ რამდენიმე თვეში მოხდეს.

„სჯობს, რომ პარლამენტის ფარგლებში კრიზისის ლოკალიზაცია მოხდეს იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია. შევა თუ არ შევა ოპოზიცია, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება. სულაც არ არის აუცილებელი, რომ დღესვე დაინიშნოს, შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ. კრიზისის მორიგ პიკზე როცა მივალთ - გაზაფხულზე, შეიძლება მერე დადგეს ეს საკითხი და ხელისუფლებამ ამ წნეხს ვეღარ გაუძლოს. სავარაუდოდ, ეს მოხდება...“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, დღეს ორივე მხარე ეძებს კრიზისიდან გამოსავლის გზებს, თან კი ცდილობენ, „სახე შეინარჩუნონ“.

„ხისტი პოზიცია არის გზა არსაითკენ. შესაბამისად, თვითონაც ეძებენ გარკვეულ კომპრომისულ გამოსავალს ისე, რომ თან სახე შეინარჩუნონ და თან მოხდეს კრიზისის მინიმუმ პარლამენტის ფორმატში გადატანა, რაც ნორმალური და მისასალმებელია. ძირითადი დისკუსიები იყო პლებისციტის მოთხოვნა-არმოთხოვნასთან დაკავშირებით. არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეიძლება ყოფილიყო ამ თემასთან დაკავშირებით და ალბათ, ამაზე საუბრობდნენ, თუ რა მოთხოვნები დაეყენებინათ დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ პლებისციტის გარდა, ხელისუფლება დანარჩენ პირობებს დათანხმდება, ეს შეიძლება იყოს როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ხუხაშვილს მიაჩნია, რომ დღეს ოპოზიციას პრაგმატული ხედვა არ გააჩნია.

„კონსტრუქციულობას თამაშობს ოპოზიცია და ჩემი აზრით, მას დღეს სინამდვილეში ზუსტი, პრაგმატული ხედვა არ აქვს. ეს გამოიწვია იმან, რომ თავის დროზე აწიეს თამასა ძალიან მაღლა და ახლა რაღაცნიარად თავს ორ ცეცხლს შუა გრძნობენ. ერთი მხრივ, ამომრჩევლის იმედგაცრუება არ უნდათ და მეორე მხრივ, მოვლენების ასეთი ხისტი განვითარების პერსპექტივასაც ვერ ხედავენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, „პლებისციტის შედეგი თავისთავად ვერ გახდება რიგგარეშე არჩევნების საფუძველი“.

„ხელისუფლებას ყოველთვის ექნება არგუმენტი, თუ რატომ არ ატარებს პლებისციტს, მითუმეტეს, რომ მისი შედეგები არ არის სავალდებულო. კანონი არ ავალდებულებს. აქედან გამომდინარე, პლებისციტი არის საკმაოდ სუსტი არგუმენტი და სუსტი ინსტრუმენტი ოპოზიციის ხელში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების შესაძლო გათავისუფლბის საკითხს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ

ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს, როდესაც წინასააარჩევნოდ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ.

„ხელისუფლებისთვის პრინციპულია მხოლოდ ერთადერთი საკითხი, ძალაუფლება ვისია. მათ სხვა ყველაფერზე შეუძლიათ, კატა-თაგვობანა უსასრულოდ ითამაშონ, გარდა ამ საკითხისა“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის დაძლევას შეძლებენ, ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება. ხუხაშვილის შეფასებით, თუ პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება და ოპოზოცია პარლამენტში არ შევა, „ფსონები გაიზრდება, მათ შორის სახელმწიფოს საზიანოდ“.

"ინტერპრესნიუსი"