"ირონიულ ღიმილს გამოაყოლებენ, რომლის ქვეტექსტია: ამ კაცს ამხელა ფული აქვს და ვიყიდით. იმედი მაქვს, რომ ვერავის ვერ იყიდიან" - კვირის პალიტრა

"ირონიულ ღიმილს გამოაყოლებენ, რომლის ქვეტექსტია: ამ კაცს ამხელა ფული აქვს და ვიყიდით. იმედი მაქვს, რომ ვერავის ვერ იყიდიან"

გულწრფელად გეტყვით, ხელისუფლებასთან წერილის ამ ფორმით გაგზავნის მომხრე არ ვიყავი - როდესაც არის პრინციპული საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე პარლამენტში არ შედიხარ, მთავარი შეთანხმება ჯერ ამ პრინციპულ საკითხზე უნდა მოხდეს, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ მთავარი საკითხი სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა და ყველა სხვა საკითხი მთავარი საკითხის თანმდევია.

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რომელიც ოპოზიციის მიერ გაგზავნილ წერილში იყო ჩამოთვლილი, თუმცა გულწრფელად გეტყვით, წერილის ამ ფორმით გაგზავნის მთლად მომხრე არ ვიყავი, რადგან ველოდი იმას, რაც ახლა მოხდა - ოპოზიცია მოლაპარაკებებზე მოვიდა თანხმობით რამდენიმე მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვან საკითხთან დაკავშირებით და ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგია პოლიტპატიმრებისა და არჩევნების ჩატარების საკითხის. დანარჩენი საკითხები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი საკითხების თანმდევია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა პრინციპულ პოზიციაზე დგას.

“ბუნებრივია, ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ვერანაირად ვერ გადაწონის. მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ნულოვანი ბარიერიც რომ ყოფილიყო, მაგალითად მე, ბიძინა ივანიშვილი მინუს ერთს დამიწერდა ან არჩევნებიდან მომხსნიდა, რადგან მისთვის ნინო ბურჯანაძის პარლამენტში ყოფნა მიუღებელია“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტური განწყობა არა აქვს, რადგან მათი განცხადებები ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება მთავარ აქცენტს ოპოზიციაში განხეთქილების შეტანასა და მოსყიდვაზე აკეთებს.

“დააკვირდით მათ საახეებს, კომენტარებს, განცხადებებს. ამბობენ, რომ პარლამენტში ზოგიერთი პარტია შემოვა და თან ირონიულ ღიმილს გამოაყოლებენ ხოლმე, რომლის ქვეტექსტია: ამ კაცს ამხელა ფული აქვს და ვიყიდით. მე იმედი მაქვს, რომ ვერავის ვერ იყიდიან“, - დასძინა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"