"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით" - კვირის პალიტრა

"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით"

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულზე ვერ ექნება, რადგან ის ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდოს და შემდეგ საქართველოს ნამცეცები შეხვდება. ამის შესახებ ფხაკაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა იყოს, ლოჯისტიკურად, საიდან იქნება შესაძლებელი ვაქცინა ჩამოვიტანოთ.

"ზოგადად რომ ვიცოდეთ, ვაქცინები დაიწყო და იყო მდიდრების ფუფუნება. ეს ღარიბი ქვეყნების ძირითადი წამალი არ იყო და როცა მდიდარი ქვეყნები თავის მოსახლეობას ვაქცინაციას გაუკეთებდნენ, მერე იყო - მოდი, ღარიბ ქვეყნებსაც დავეხმაროთ. გაეროს მსოფლიო ორგანიზაცია ახლა შეეცადა, რომ ვაქცინების გავრცელება ყველა ქვეყანაში იყოს. არ შეიძლება, რადგან ქვეყანა ღარიბია, ვაქცინა არ მიიღოს, ესაა მთელი კონცეფცია.

ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე და ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინა, როგორც ასეთი არა ერთი იქნება, მაგრამ რომელიც ლოჯისტიკურადაც იქნება შესაძლებელი, რომ ჩამოვიტანოთ.

მე არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ და რაც მორჩება, ასე ვთქვათ ჩვენ - ნამცეცებზე ვიქნებით. მე ამაზე ძალიან გაბრაზებული ვარ", - განაცხადა ფხაკაძემ.

"ინტერპრესნიუსი"