ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება - კვირის პალიტრა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა.

"დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

პარლამენტის პირველ სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, სავარაუდოდ, ლადო კახაძე გაუძღვება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სხდომას სპიკერის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება.

მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც 82 წელი უკვე შეუსრულდა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, პირველი სხდომის წაყვანა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში კი, ლადო კახაძეს მოუწევს.

"ინტერპრესნიუსი"