"ყველაფერი ერთადერთ რამეზე მეტყველებს - ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ხალხის მსახურებისთვის კი არა, ბატონობისთვის ემზადება" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ერთადერთ რამეზე მეტყველებს - ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ხალხის მსახურებისთვის კი არა, ბატონობისთვის ემზადება"

7 დეკემბერს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფასილიტატორი ელჩები.

დღეს კი, ოპოზიციის წარმომადგენელებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროების საკითხი.

როგორ შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, -  ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი: - ბოლო დროს ძალიან უცნაურად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. ჩვენ არ ვართ ინფორმირებული იმაზე, თუ რა ხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკების მაგიდასთან. შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკური ლიდერები ოპტიმიზმს ასხივებენ და მერე კონსტრუქციულობანას თამაშობენ. რის საფუძველზე, ეს არ ვიცით.

- ერთადერთი, რაც მოლაპარაკებაში ჩართულ პოლიტიკოსებს წამოსცდათ, პლებისციტის საკითხია. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა პლებისციტი იყოს მათი შეთანხმების საგანი? - ჩემი აზრით, კრიზისი თუ არ გადაილახება, მისი კონსერვაცია მაინც უნდა მოხდეს. მე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნებისმიერ შეთანხებას მივესალმები, ოღონდ ეს კრიზისი ამოიწუროს. რაც შეეხება პლებისციტს, საერთოდ ვერ ვხდები მის არსს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას სახეს შეუნარჩეუნებს.

- სახის შენარჩუნება თუ გარდაუვალი აუცილებლობა? მაშინ, როდესაც ხელისუფლება პრინციპულად შეუვალია, დასავლელი პარტნიორები კი ოპოზიციონერ ლიდერებს პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანისკენ მოუწოდებენ, სხვა რა ალტერნატივაა? - ოპოზიციამ ძალიან მაღლა ასწია თამასა და ახლა ცდილობს, რომ თავისი ბაქიბუქის საპირწონედ როგორმე სახე შეინარჩუნოს. მათი საბოლოო გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, ბოლომდე შეინარჩუნებენ თუ არა ერთიანობას. ჩვენ ვართ პროცესში, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით და ვარაუდებით ვცდილობთ დასკვნების გამოტანას. ეს, მე თუ მკითხავთ, ხალხის შეურაცხყოფაა. წარმოიდგინეთ, დაიქირავეთ ხალხი ვიღაცასთან მოლაპარაკების საწარმოებლად, ისინი კი გამოდიან მოლაპარაკებიდან და გეუბნებიან, - ვერ გეტყვით, რაზე ვლაპარაკობთო. ეს ხომ ანომალიაა?! ყველაფერი ერთადერთ რამეზე მეტყველებს - ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ხალხის მსახურებისთვის კი არა, ბატონობისთვის ემზადება. პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები, ხალხს ეუბნებიან, ვერაფერს გეტყვითო. თან თავს იმართლებენ, დუმილის შენარჩუნება ელჩებმა გვთხოვესო. ისინი ელჩების კი არა, ქართველი ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)