ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა - რას აცხადებს არჩილ თალაკვაძე? - კვირის პალიტრა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დასრულდა - რას აცხადებს არჩილ თალაკვაძე?

დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც დაგვაახლოვა შეთანხმებასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმება შეძლონ.

„დღესაც იყო ხანგრძლივი შეხვედრა. მსურს „ქართული ოცნების" სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მათ ელჩებს. დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას გამოიწვევს და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, შესაძლებელია სრულიად, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი.

რაც შეეხება დროს, რასაკვირველია, ყველას გვესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა სხდომა, ეს არის 11 დეკემბერი. რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამიტომ, ჩვენ მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა და ჩვენ უკვე შევეცდებით შეთანხმებას.

სხვა საკითხებზე თქვენ იცით "ქართული ოცნების" პოზიცია, ის არ შეცვლილა. პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან, განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოებული და დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება. ჩვენ დღეს ვიმუშავეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის გაგრძელების პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას" ჰქონდა და აქვს დღესაც", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"