"თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, მათ მეტ დროს დავუთმობთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ" - კვირის პალიტრა

"თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, მათ მეტ დროს დავუთმობთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ"

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, უფლებამოსილება არ შეუწყდებათ და ნებისმიერ დროს შეეძლებათ ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტონ და პარლამენტში შევიდნენ.

როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება და წარმატება ბევრი მიმართულებითაა.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში ყველა პარტია შეიკრიბება.

"მანდატების დათმობას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. ანუ ჩვენ მეტ დროს დავუთმობთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, პარლამენტმა წელიწადზე მეტი გაატარა მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლესობა. იგივე გაგრძელდება, შეიძლება, გარკვეული პარტიების მხრიდან, მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ შეთანხმებას მოაწეროს ხელი ელჩების თანდასწრებით და დიდი იმედი გვაქვს, ყველა პარტია იქნება შეკრებილი. გრძელდება მოლაპარაკებები და ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წარმატება, გაგრძელდება ეს პროცესი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში პოზიციები შეჯერებული გვაქვს",- განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"