"ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ" - კვირის პალიტრა

"ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ"

ბოკერიას პარტია დადის შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, -ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს - გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას საბოტაჟის მოწყობა და ყველაფერის არევა იმიტომ სურთ, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

მისივე თქმით, ელჩები მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ, დეტალები არ გაასაჯაროვონ, რათა პროცესი არ დააზიანონ და ზოგიერთი პარტია ამ პირობის ერთგული არ არის.

"იმ დროს, როცა ჩვენ გვაქვს პირში წყალი ჩაგუბებული ელჩების ხათრით, ელჩები გვეუბნებიან, რომ მოდით, პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ თუ გავა, რაზეც აქ ვლაპარაკობთ, პროცესი დაზიანდება, მოლაპარაკებებით შეთანხმებამდე ვერ მივალთო. იქ რაღაც თანამდებობებსა და ფულს კი არ ვიყოფთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. რატომ იცით? იმიტომ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ- ერთს ზუგდიდში, მეორე ფოთში. წავიდა, კაი ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი რა ეგონა?! რას იზავდა?! რას მიაღწევდა?! და ახლა უნდა ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, რომ ჩავშალო. ჩემთვის 31 ოქტომბერს საზიზღარი არჩევნები იყო, არჩევნები გაყალბდა და ამისთვის უნდა პასუხი აგოს "ქართულმა ოცნებამ". ახლა რომ გვეუბნება, შემოდით პარლამენტში ვითომ არაფერი მომხდარაო, ვინ შევა? მე?! ან ვინ შევა?! პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და იმ მოლაპარაკებებზე მიდის პოლიტიკური ფასის გადახდაზე ლაპარაკი, როგორ უნდა დაისაჯოს "ქართული ოცნება" ცუდად, საზიზღრად ჩატარებული არჩევებისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც იმ მოლაპარაკებებზე დავდივარ არის ის, რომ რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, ან მე, ან ჩემს პარტიას, არამედ მთავარი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები და არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებზე მივდიოდეთ, როგორც ზეიმზე," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.