"ხელისუფლებას ძალიან მარტივი ბერკეტი აქვს - პარლამენტში შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები გარეთ "მოგუდოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ძალიან მარტივი ბერკეტი აქვს - პარლამენტში შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები გარეთ "მოგუდოს"

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ერთადერთი აქტივი, რაც დღეს ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა და ვინც ამ აქტივს დაარღვევს, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს პარლამენტში შესულები შიგნით, გარეთ დარჩენილები კი გარეთ "მოგუდოს". ამის შესახებ ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სადაც პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ის პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის მხრიდან მიზეზის ნახვა ძალიან მარტივია.

"ერთადერთი აქტივი რაც დღეს ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა, მეტი აქტივი მათ არ აქვთ. თუ ეს ერთიანობა დაირღვა სხვადასხვა მიზეზით, ნუ რა მნიშვნელობა აქვს... ობიექტური, სუბიექტური, ტყუილი, მართალი, თუ ერთიანობა დაირღვა ხელისუფლებას ძალიან მარტივი ბერკეტი აქვს - შესულები შიგნით და გარეთ დარჩენილები - გარეთ "მოგუდოს". ასე რომ აქტივს გაფრთხილება სჭირდებათ, თუ უნდათ, რომ რეალური შედეგი მიიღონ, როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე პოლიტიკური ინტერესებისთვის. მიზეზის ნახვა, მაგალითად, უგულავას რაღაც არ მომწონს და ამიტომ შევდივარ, პირდაპირ გეტყვით - ეს ძალიან სუსტი არგუმენტია და არ "იჭმევა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ასევე დღეს ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბოკერია და უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ და საბოტაჟით დაკავდნენ.