ბრიფინგი "ოცნების" ოფისში - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე - კვირის პალიტრა

ბრიფინგი "ოცნების" ოფისში - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს.

"ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღდმეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

"პირველივე შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწვალელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარალამენტო პარტიები ჩართული იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება, თუნდაც 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება, "ქართული ოცნება" გამოაცხადებს რიგგარეშე არჩვენებს. გარდა ამისა, როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას",- განაცხადა კობახიაძემ.

მანვე ისაუბრა ოპოზიციასთან მოლაპარაკების შესახებ.

"რაც შეეხება მოლაპარაკების ამოცანას, ამოცანა არის ის, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწეროს შეთანხმებას ხელი. მანამ, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავმიჯნავთ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთისგან მათი დამოკიდებულების მიხედვით. ამის უფლება არ გვაქვს. დარჩენილია სულ რაღაც ერთი დღე. დაველოდოთ მოლაპარაკების დასრულებას და შემდეგ უკვე ვნახავთ, ვინ რას მოაწერს ხელს",-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება მეტმა პარტიამ მოაწეროს ხელი დოკუმენტს და ისინი საქართველოს პარლამენტში შევიდნენ.

"ჩვენი სურვილია, პარლამენტში ვიხილოთ ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არ იქნება ამბოხის სცენარის შემადგენელი ნაწილი და რომელიც არ არის იმის შემადგენელი ნაწილი, რაც ხდებოდა მაგალითად გუშინ, საღამოს "მთავარი არხის" ეთერში. ეს მიუღებელია. ბუნებრივია, ამას უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური პარტიები. ვინც გაემიჯნება, ის უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის საფუძველზე...

გამოიკვეთა ამბოხის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარეს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პარტიები ერთმანეთისგან. ის პარტიები, რომლებიც არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები, უარს ამბობენ მანდატებზე, ძალიანაც კარგი. ბუნებრივია, ეს მოთხოვნა მათ დაუკმაყოფილდებათ პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც არ არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები და არც იქნებიან, ისინი არ წარმოადგენენ ასეთ განცხადებას. ამ შემთხვევაში მარტივად იკვეთება ზღვარი ასეთ პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმ პარტიების ადგილი, რომლებიც უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს, რომლებსაც ამოძრავებთ ამბოხის სცენარი, ასეთი პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის",-განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, არჩევნების ადმინისტრირებასა და საარჩევნო სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება.

"ხვალ მოლაპარაკების ბოლო რაუნდი შედგება, გამომდინარე იქიდან, რომ ზეგ უკვე პარლამენტის პირველი შეკრებაა. ჩვენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა და პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არსებითადაც შეჯერებულია. დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს პირობაა, რომელიც ელჩების თვალწინ დავდეთ. მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე, ორი სხვადასხვა მიმართულებით - არჩევნების ადმინისტრირებასა და საარჩევნო სისტემის საკითხებთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება", - განაცხადა კობახიძემ.