"მომხმარებლები ფლირტის ობიექტად არ აღმიქვამენ, რაც ძალიან მომწონს" - კვირის პალიტრა

"მომხმარებლები ფლირტის ობიექტად არ აღმიქვამენ, რაც ძალიან მომწონს"

29 წლის მარიამ ბერძენიშვილი, რომელიც საზოგადოების ნაწილს ალბათ, იუმორისტული სკეტჩებიდან და მოცეკვავის ამპლუაში ახსოვს, ამჟამად გარაჟში მუშაობს - დითეილერი გახლავთ... გადავწყვიტეთ, მარიამის ამჟამინდელი პროფესიის შესახებ მეტი შეგვეტყო.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ავტომოყვარული არასოდეს ვყოფილვარ. მართვის მოწმობაც კი არ მაქვს. მანქანებში დიდად ვერც ვერკვეოდი, მაგრამ დითეილინგი ისეთი საქმიანობაა, რომ თუ ერთხელ მოგეწონა, მგონი, თავს ვეღარ დაანებებ. ვფიქრობ, შემიძლია, მთელი ცხოვრება ეს საქმე ვაკეთო. თურმე ავტომობილების მოვლასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები ყოფილა, რომლის შესახებ ბევრ ავტომოყვარულსაც კი წარმოდგენა არ აქვს. ეს საქმე მომეწონა..."

"მნიშვნელოვანია, ავტომობილი როგორი შეღებილია, რა მდგომარეობაშია... არც ერთი ნაკაწრი არ უნდა გამოგეპაროს, მუშაობისას ავტომობილი არ უნდა დააზიანო: მაგალითად, როცა მანქანის ინტერიერს წმენდ, საწმენდი საშუალება იმ რაოდენობით არ უნდა გამოიყენო, რომ ტყავი დაზიანდეს. იმავდროულად, არც ერთი ნაკერი არ უნდა გამოგრჩეს გასასუფთავებელი..."

"ბიჭები ძალიან მეხმარებიან. ყველა მხარში მიდგას და მეც ვცდილობ, საქმეში მათ არ ჩამოვრჩე, ზედმეტად არ შევაწუხო და ავტომობილს რომ მივიღებ, თავადვე მოვაწესრიგო..."

"დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ჩემი იქ ყოფნა ეუცნაურებოდათ და გარაჟში მოსულები მეუბნებოდნენ, - ბიჭებს დაუძახეო. ახლა რომ მოდიან, მეუბნებიან, - მარიამ, შეგიძლია, ჩვენი მანქანა ნახოო (იღიმის)?.. როცა ჩემ მიერ მოწესრიგებული ავტომობილის წასაყვანად მოდიან, ხშირად საჩუქრები მოაქვთ, პატივისცემის ნიშნად..."

"ცეკვაც ძალიან მიყვარს, გადაღებებზეც ვგიჟდები!.. პანდემიამდე, 6-7 თვე კვიპროსში ვიყავი (ვცეკვავდი). საქართველოში დაბრუნებულმა 1-2 გადაღებაში მონაწილეობა მოვასწარი... მერე პანდემია დაიწყო და ეს სფეროები თითქმის "გაჩერდა"... ცეკვას, გადაღებებს ალბათ, ვერასოდეს შევეშვები..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 10 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი