"საბერძნეთში დარჩენა ბევრისთვის შეუძლებელი გახდა, ვინაიდან სამსახურებს კარგავენ" - კვირის პალიტრა

"საბერძნეთში დარჩენა ბევრისთვის შეუძლებელი გახდა, ვინაიდან სამსახურებს კარგავენ"

საბერძნეთში, ათენში, ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი ქართველი ემიგრანტების პრობლემებსა და სახელმწიფოსგან მათ დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯებზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ფულადი გზავნილები დღეს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უპირველესი "დარგია", რომლის განვითარებაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რაც, თავის მხრივ, ემიგრანტებს ლეგალურ დასაქმებაში შეუწყობს ხელს.

- ავთო, გვიამბეთ, როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები აქვთ საბერძნეთში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით - პანდემიის პირობებში?

- ის, რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა ჩვენს ემიგრანტებზე, არის დასაქმების საკითხი. როგორც იცით, ქართველები, ძირითადად, ხანდაზმულ ადამიანებთან მუშაობენ, შემოსავალს კი მათი მოვლა-პატრონობით იღებენ. საბერძნეთში კოვიდინფიცირებულთა საშუალო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მაღალი არ არის, თუმცა სიკვდილიანობის საშუალო ასაკი 80 წელია, რაც სწორედ ის სეგმენტია, ვისთანაც ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ და ეს დასაქმებაზე პირდაპირ აისახება.

ამასთან, თუ ადრე მათთვის გადაადგილება თავისუფალი იყო, ახლა, დაინფიცირების რისკის გამო, მათი გარეთ გასვლა პრობლემაა და, შესაბამისად, ფულსაც კურიერების მეშვეობით აგზავნიან. ასევე, ვეღარ ყიდულობენ იმ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რასაც საქართველოში აგზავნიდნენ და ეს აისახა კიდეც ამანათების რაოდენობაზე. თუმცა, ფულადი გზავნილები გაიზარდა.

7 ნოემბრის შემდეგ საბერძნეთში "ლოკდაუნია" გამოცხადებული და ყველაფერი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულებები. ეს პრობლემაც აისახა ჩვენს ემიგრანტებზე, საბუთების მოწესრიგების ტემპის მხრივ.

ასევე, პრობლემური გახდა სამშობლოში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია ოჯახის წევრების ჩამოყვანა მოწვევის საფუძველზე. ახლა საბერძნეთი მხოლოდ ცხოვრების უფლების მქონე ადამიანებს იღებს. რეგულარული ფრენებიც აღარ ხორციელდება, ჩარტერული რეისი კი თვეში ერთხელ თუ სრულდება.

- ის ემიგრანტები, რომლებმაც სამსახურიც დაკარგეს, საცხოვრებელიც აღარ აქვთ და ამ ეტაპზე, ვერც საქართველოში დაბრუნებას ახერხებენ, როგორ სიტუაციაში არიან? ან როგორ გადაწყდება მათი დარჩენა-წამოსვლის საკითხი?

- როგორც იცით, პანდემიის დაწყების დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათასობით ემიგრანტი დააბრუნა საქართველოში და მათ დიდი დახმარება გაუწია. აქედან, აგვისტომდელი მონაცემებით, დაახლოებით, 1500 ადამიანის დახმარება მოხერხდა საბერძნეთში. 3 თვის განმავლობაში მხოლოდ ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის საშუალებით სამინისტრომ 900-ზე მეტი ადამიანის გამოკვება შეძლო, რომლებმაც უშუალოდ მაშინ დაკარგეს სამსახური და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის. 300-მდე ბავშვიანი ოჯახი სწორედ ამ დახმარების საშუალებით გადარჩა.

ახლა ეს პროგრამა აღარ მოქმედებს, შესაბამისად, დიასპორულ ორგანიზაციებში დახმარებისთვის მომართვიანობა მაღალია. მით უმეტეს, ახლა, მეორე "ლოკდაუნის" პირობებში, როდესაც საქართველოს საკონსულო შეზღუდვების გამო, ფაქტობრივად, ვერ ფუნქციონირებს.

ამ ეტაპზე, ჩვენ, ფაქტობრივად, მხოლოდ დახმარების მსურველ პირთა აღრიცხვას ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე კი არსებობს ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია IOM ახორციელებს და ჩვენი მთავრობისა და ევროკავშირის დაფინანსებით, დაბრუნების მსურველებს მგზავრობა უნაზღაურდებათ, ხელზე ეძლევათ 500 ევრო და უფინანსდებათ ბიზნესგეგმა ან სამედიცინო მომსახურება. ამ პროგრამით შემოდგომაზე ათენიდან საქართველოში დაბრუნდა 149, ხოლო 3 დეკემბერს -153 ემიგრანტი, აქედან - 22 ბავშვი იყო.

პანდემიის პირველი ფაზის პერიოდში კი საქართველოს მთავრობამ სპეცრეისებით 600-ზე მეტი მოქალაქის მგზავრობა უზრუნველყო. მოკლედ რომ ითქვას, საბერძნეთში დარჩენა ბევრისთვის და განსაკუთრებით, ოჯახით მყოფი მოქალაქეებისთვის შეუძლებელი გახდა, ვინაიდან სამსახურებს კარგავენ და საჭიროებენ დახმარებას, რომელიც ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უნდა შევიმუშავოთ.

- ამ ადამიანებს გარკვეული დანაზოგი არ აქვთ?

- დიახ, მაგრამ კრიზისის გამო აქ ხარჯავენ. თუმცა ამ ფულის სწორად მიმართვა შესაძლებელია. მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ ემიგრანტი ჩამოვიდა, ბანკის და სხვა ვალები გადაიხადა, ბინა იყიდა და ა.შ. რაღაც საქმე ხომ უნდა ჰქონდეს მანდ დაბრუნების შემთხვევაში? ფაქტი ისაა, რომ ბრუნდებიან სამშობლოში და მერე კვლავ სხვა ქვეყნებში მიდიან.

მაგალითისთვის, ვთქვათ, სამედიცინო სექტორში დასაქმებულებზე, რომელთა რიცხვი, დაახლოებით, 1500-ზე მეტი იყო - მათ საკმაოდ მაღალი შემოსავალიც ჰქონდათ, მაგრამ ახლა სრულად უმუშევრები დარჩნენ. მაგალითად, ისინი, ვინც სარეკლამო ფლაერებს არიგებდნენ ან ჩვენებს ასაქმებდნენ არალეგალურ მედდამხმარეებად და ა.შ. ახლა სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ და, ვინაიდან დროულად დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ის დანაზოგებიც ელემენტარული ყოველდღიური საჭიროებისთვის ეხარჯებათ.

საბერძნეთში, თანხის დაზოგვის მიზნით, მოსალოდნელი იყო, ასევე, მოხუცები თავშესაფრებში გადაეყვანათ, თუმცა, ვინაიდან იქ ინფიცირების შემთხვევები იყო, ეს პროცესი შეჩერდა, ეს საშიშროება აღარ არის, რაც ჩვენს არაერთ თანამემამულეს სამსახურის გარეშე დატოვებდა. 81 წლის ქალბატონიც კი გვყავს აქ, ემიგრაციაში და მალე, საქართველოში დაბრუნდება. იმდენი ხანია აქაა, ამასობაში 81 წლის გახდა და, ფაქტობრივად, მუშაობა აღარ შეუძლია. ასეთი რამდენი ვთქვა...

- ემიგრანტების ფულად გზავნილებს ქართული ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რა კეთდება კონკრეტულად საბერძნეთში ამ სეგმენტის გასავითარებლად?

- ტურიზმის შემდეგ სწორედ ემიგრანტების ფულად გზავნილებზე დგას ქართული ეკონომიკა და ახლა, როდესაც ტურიზმი მთელ მსოფლიოში დაპაუზდა, ჩავთვალოთ, რომ ნომერი პირველი "დარგი" ფულადი გზავნილებია. არაერთი ქვეყანაა, სადაც შრომითი მიგრაცია, როგორც ეკონომიკური დარგი, ისეა აღიარებული.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავს მიგრაციას მაღალ დონეზე მიექცეს ყურადღება. მაგალითად, ფილიპინები პროფესიულ კადრებს ამზადებს - ძიძებს და მათი ეკონომიკა ამ დარგზე "ზის". მსგავს მოდელს ბევრი პოზიტივი აქვს, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე, მათი ოჯახებისთვის, რადგან სადაც ჩადიან, აქვთ დაზღვევაც, თავისუფალი გადაადგილების საშუალებაც და ბევრი სხვა პრივილეგიაც. ქართველების შემთხვევაში კი რა ხდება? 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანების დიდმა ნაწილმა უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა და, უმეტეს შემთხვევაში, ეს არალეგალურად მოხდა. წლების შემდგომ, იმ ქვეყნებში კი მიიღეს ბინადრობისა და დასაქმების უფლება, მაგრამ დღევანდელი სიტუაციით დიდი ნაწილი ახლაც უსაბუთოდაა და მოკლებულები არიან იმ სიკეთეებს, რაც თავისუფლად შეეძლოთ მიეღოთ, ჰუმანიტარულ ყველა დივიდენდს, რაც ეკუთვნით. არალეგალური მიგრაცია საფრთხეა იმ კუთხითაც, რომ სამშობლოში დაბრუნებაც უჭირთ. ვთქვათ, ცუდად გახდა ან არასწორი სამუშაო გრაფიკი აქვს, სამუშაო ადგილის შეცვლა არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში, ოჯახებში მონური, ტრეფიკინგის მდგომარეობაა.

ახლაც დედა-შვილია ათენში, არალეგალები, ქუჩაში დარჩნენ და დროებით ერთმა ემიგრანტმა შეიფარა.  ვცდილობთ, ისინი საქართველოში გამოვუშვათ და შეიძლება, ბილეთის ფულიც კი ვერ შევაგროვოთ. ბავშვი 3 წლისაა. ხვდებით, ხომ, რა მდგომარეობაა? ასეთი ფაქტი ყოველ თვეში 5-6 მაინცაა. ზოგი არც ახმაურებს. მოკლედ, ჩვენი მოქალაქეების დაცვის მექანიზმი მთლიანად ასაწყობია. შრომითი ლეგალური მიგრაციის, როგორც დარგის განვითარება მსგავს საფრთხეებსა და რისკებს მინიმუმამდე დაიყვანდა.

თუმცა იმედი მაქვს, ამ კუთხით წინსვლა გვექნება. არჩილ თალაკვაძემ კონსულტაციის და დიალოგის ძალიან კარგი ფორმატი მოიფიქრა, სადაც დიასპორის საკითხები განიხილება და რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ხშირად - მინისტრიც ესწრება, ასევე, პარლამენტის დიასპორის კომიტეტიდან - ბექა ოდიშარია. სამომავლოდ ეს ფორმატი, ემიგრაციის პრობლემური საკითხების მოწესრიგების მხრივ,  ვფიქრობ, სარგებლობის მომტანი იქნება ჩვენი ემიგრანტებისთვის.

- მგზავრობისთვის საჭირო საბუთების შეგროვებასა და მოწესრიგებას როგორ ახერხებენ ემიგრანტები? თუნდაც ისინი, ვინც უკვე ასაკშია და არ იცის, ელექტრონულად როგორ ხდება ამ ყველაფრის გაგზავნა?

- საბერძნეთი, ევროკავშირის მოთხოვნით, 48 საათით ადრე ითხოვს ფორმის შევსებას, ქვეყნის დატოვებისა და შესვლის შემთხვევაში QR კოდია საჭირო. ამის შევსება ჩვენმა მოქალაქეებმა არც კი იციან და ხშირი იყო შემთხვევა, როცა ბილეთი იყიდეს, მაგრამ მანდ ჩარჩნენ, ანუ ვეღარ შემოვიდნენ საქართველოდან. ევროპაში ახალი წესები დამკვიდრდა. აქ ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთაგან ბევრს საკუთარი ელფოსტაც კი არ აქვს, დღეს კი თითქმის ყველაფერი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. მიდგომები სხვა დონეზე უნდა ავიყვანოთ. მაგალითად, დღეს საკონსულოები, რეალურად, საპასპორტო განყოფილებების დონეზე არიან ქცეული. ხშირ შემთხვევაში ისინი მდიდრულ უბნებშია გახსნილი, სადაც ემიგრანტებს მისვლაც კი უჭირთ. ახლა ამას პანდემიაც დაერთო. საბერძნეთის რეალობა რომ გავაანალიზოთ - თესალონიკში და ათენში რომ საკონსულოებია, მხოლოდ 5-6 თანამშრომლით არის წარმოდგენილი და 200-ათასიან დიასპორას როგორ უნდა მიხედონ? მაშინ, როდესაც ემიგრანტების ხელშეწყობა და დახმარებაა საჭირო, ფაქტია, ახალი მექანიზმები უნდა შემუშავდეს, ადგილზე დროებით დასახმარებლად. არაკრიზისულ პერიოდში საბერძნეთიდან ემიგრაციას მინიმუმ 14 მილიონი დოლარის ეკვივალენტის თანხა შეაქვს საქართველოში, ზაფხულში კი მან 21 მილიონს გადააჭარბა.

ახლა, ამ რეალობიდან გამომდინარე, ჯობს, თუნდაც, საბუთების მოწესრიგებასა და დასაქმებაში დავეხმაროთ, რომ აქ რამენაირად გაჩერდნენ, ვიდრე, წინ და უკან იარონ. დამცავი მექანიზმები შევქნათ მათთვის. ხომ ყველამ ვიცით, რომ ხშირად კერძო დასაქმების ბერძნული ოფისები, მათ შორის, ქართველების ჩართულობითაც, ემიგრანტებს არაკეთილსინდისიერად ეპყრობიან, ხშირად, ისეთ სამუშაოებს ასრულებინებენ, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია ადამიანისთვის.

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც სექსუალური კუთხით მათდამი შეთავაზებები, პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციების ჩამორთმევები, დასაქმების ადგილებიდან გადაადგილების შეზღუდვები, თვეების განმავლობაში, საკვების არმიცემა დამსაქმებლებისგან, სამუშაოების სანაცვლოდ თანხების გამოძალვა და შემდგომ, დაუსაქმებლობა თვეების განმავლობაში და ა. შ. - ცნობილი ქეისებია.

ამ ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იცავდეს, საკონსულოში მომუშავე იმ ექვსმა პირმა რამდენი რამე უნდა გააკეთოს? შეუძლებელია! ლეგალური მიგრაციის, როგორც დარგის განვითარება კი ამ ყველაფერს მარტივად დაარეგულირებდა, თუნდაც, კონტრაქტებით, დათქმითი შეთანხმებებით. ასეთ შემთხვევაში, ტრეფიკინგის ფაქტები, ზეწოლები გამოირიცხებოდა. მაგალითად, ლაშა ჟვანიამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა ისრაელის ხელისუფლებასთან - საქართველოს მოქალაქეები იქ ლეგალურად დასაქმდებიან.

- როგორ ფიქრობთ, საბერძნეთში რატომ არ მოხერხდა ეს?

- ვერ გეტყვით, ეს ჩვენს დიპლომატებს და სამინისტროს უნდა ვკითხოთ. ერთი რამ ფაქტია, მმართველი პარტიის, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისგან პირდაპირი განცხადება, მოწოდება იყო - ლეგალური მიგრაციის გასავითარებლად. რატომ არ განახორციელა ეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არ ვიცი. როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამაზე ლაპარაკობს და მოგიწოდებს, წესით, სწრაფი რეაგირება უნდა მოეხდინათ. ჩვენ ხომ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ, სხვა ქვეყნების მაგალითი წინ გვიდევს და რატომ არ ვიყენებთ? დასაქმება და მიგრაცია უშუალო კავშირშია ერთმანეთთან. ამას დღევანდელი მოდელი და ჯანდაცვის სამინისტრო ვერ განახორციელებს, ვერ მართავს ამდენ, სხვადასხვა განშტოებას, შეუძლებელია, რაც უნდა დიდი მენეჯერი იყოს მინისტრი. ამიტომ, უნდა შეიქმნას აბსოლუტურად ცალკე სტრუქტურა - მიგრაციის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც ეს აქვს, მაგალითად, ესპანეთს.

მოკლედ, სამუშაო ბევრი და მრავალმხრივია დიასპორის და შრომითი მიგრაციის მიმართულებით, ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. არჩილ თალაკვაძის ფორმატი, როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგია. ასევე, საბერძნეთში, თესალონიკში ახალი კონსული ჩამოვიდა - ნოდარ კომახიძე და იმედის მომცემია მისი პირველივე ნაბიჯები, მუშაობის სტილი, განსხვავებული ხედვები შემოიტანა და ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ მეტად გაანალიზდება და დამუშავდება ხელისუფლებაში ის საკითხები, რისი წარმართვაც ჩვენი ემიგრანტების სასიკეთოდ და საქართველოს წარმატებისთვის ნამდვილად შეგვიძლია.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)