"ქართული ოცნება" დაკრისტალდა!... ოპოზიცია კი, ჩემდა სამწუხაროდ, რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" დაკრისტალდა!... ოპოზიცია კი, ჩემდა სამწუხაროდ, რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს"

როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას გამართავს და იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიცია ბოლო წუთამდე უარს იტყვის მანდატებზე  და ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, სხდომას ყველაზე უხუცესი წევრის - ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, წაიყვანს ლადო კახაძე, რომელიც kvirispalitra.ge-სთან პარლამენტზე, "ქართული ოცნების" "ჰუმანურ 8 წელსა" და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს:

- როგორც იცით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვა, სხდომას მე წარვუძღვები, როგორც ასაკით ყველაზე უფროსი წევრი. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, კმაყოფილი არ ვარ. ჯერ ერთი, იმ ვალდებულებას უნდა გაუძღვნენ, რომელიც მათ ხალხმა აღებული ხმების მიხედვით დააკისრა, მეორეც, ის რიტორიკა არ მომწონს, როდესაც ყველგან გაიძახიან, მონოპარტიული პარლამენტი იქნებაო. ეს ტყუილია, სიცრუეა და მოსახლეობამაც კარგად იცის - პარლამენტი, დე იურე არის მრავალპარტიული და 9 პარტიაა არჩეული, უბრალოდ, პირველ სხდომას ასეთი მოდიფიკაცია ექნება: მრავალპარტიული პარლამენტი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი, ერთი - ვალდებულების შემსრულებელი, ანუ ხელისუფლება და მეორე ნაწილი, რომელიც ამ ვალდებულებას გაექცა და ცარიელი სკამები და გამოუყენებელი მიკროფონი დატოვა. ეს მათი გადასაწყვეტია.

ყველა ადამიანი, ვინც ამ არჩევნებს აკვირდებოდა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები, სტრატეგიული მოკავშირეები, ერთხმად აღიარებენ, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, თავისუფალი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ოღონდაც, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა არჩევნებს, ნებისმიერ ქვეყანაში, ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს. დაუბალანსებლობა გაყალბებას არ ნიშნავს! ყველა ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი და თუ რამე ტექნიკური გადაცდენა იყო, ყველაფერი გასწორდა. ეს არის ის, რითაც ოპოზიცია, ჩიხში ჩაყენებული, თავის დაძვრენას ცდილობს. ეს არის ხელოვნურად შექმნილი, სხვისგან ნაკარნახევი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ხალხს კარგად ახსოვს, არჩევნების მიმდინარეობისას, დღის 12 საათზე უკვე საპროტესტო აქცია რომ დაგეგმეს. ყველა საღად მოაზროვნემ იცის, რომ ეს ოპოზიცია დესტრუქციულია. ის სახელმწიფოს ებრძვის, რადგან საქართველოს ასეთი ხარისხით განვითარება ერთადერთ ქვეყანას არ აძლევს ხელს - ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთს და, ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიცია რუსეთის უშუალო დაკვეთას ასრულებს.

რაც შეეხება პირველი სხდომის წაყვანას, ეს მკაცრად გაწერილი პროცედურაა, რომელსაც კონსტიტუცია და მკაცრად გაწერილი რეგლამენტი აწესრიგებს. ამ წესებს, რა თქმა უნდა, გავეცანი, მოწოდებული ვარ და დარწმუნებული ვარ, ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. პრეზიდენტი გახსნის სხდომას, შემდეგ, მე გავუძღვები პროცედურულ ნაწილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჩართულობით. ეს იქნება ხმის დამთვლელი კომისია, სამანდატო კომისია, ფიცის დადების პროცედურა და უკვე ძალაში შესული პარლამენტის დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ იმ წესების დაცვით, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. კენჭისყრის შემდეგ თავმჯდომარე კუთვნილ ადგილს დაიკავებს და დაიწყება მუშაობა. ტექსტი, ცხადია, მომზადებული მაქვს. ჩემი ერთადერთი "დიდი დავალება" ასაკია და ეს ასაკი მაიძულებს, რომ პირველი სიტყვა ვთქვა.

- ბატონო ლადო, იმ 8 წელს რომ გადავავლოთ თვალი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის სათავეში ყოფნისას გაატარა, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაიზარდა ეს პარტია ამ პერიოდში?

- დაკრისტალდა! ეს არის პარტია, რომელიც ახლა მთლიანად საკუთარ რესურსზეა აწყობილი, როგორც ახალგაზრდული ფრთიდან შემოსული, ისევე, აღმასრულებელ ხელისუფლება გავლილი, კარგი გამოცდილება მიღებული ახალგაზრდებით, შუახნისა და უფროსი თაობის ადამიანებით დაკომპლექტებული. მონოლითი პარტიაა, რომელმაც მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა და პირადად მე, ამ 8 წელიწადს ორ ასეთ განმარტებას მივცემდი - ჩემთვის ეს არის სტაბილურობის 8 წელი და ჰუმანურობის 8 წელი! ჰუმანიზაციის დაბრუნების, რასაც კიდევ ბევრი კარგი რამ მოჰყვა. მარტო ის რად ღირს, რომ საკოორდინაციო საბჭო უშუალოდ ასრულებს ექიმების დავალებას. წარმოგიდგენიათ, რამდენად სწორი ორიენტაციაა? მთელი ეკონომიკური ბლოკი მედიცინას შეჰყურებს თვალებში! უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა აყვანილი უმაღლეს ხარისხში. ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ადამიანის ღირსებაა უპირველესი. თქვენ იცით, რა უბედურებასთან გვქონდა საქმე, როგორ იმართებოდა სასჯელაღსრულების ნაწილი და ბიზნესი. ეს ხომ ცალსახად ჰუმანურ მხარეს წამოვიდა? ამას ყველა გრძნობს.

თუმცა ორი ურთულესი გამოწვევა და პრობლემა გვაქვს, რომლის მოგვარება ასევე ურთულესია - სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. ეს გამოწვევები ნაღმებია, მაგრამ ამ ხელისუფლებას პოტენციალი აქვს, რომ თავი გაართვას, უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. რაც მთავარია, ამის დასტურია ის, რომ მილიონზე მეტი მოსახლე მესამე ვადით ენდო მას. 2024 წელს ეს ყველაფერი ევროპის კარზე დაკაკუნებით უნდა დაგვირგვინდეს და ეს არ არის სიმბოლური სიტყვები! ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისრების სროლის, ბარიკადების პარალელურად კეთდება და... მაინც გაკეთდება!

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)