ვინ რა თანამდებობას დაიკავებს პარლამენტში? - რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - კვირის პალიტრა

ვინ რა თანამდებობას დაიკავებს პარლამენტში? - რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა.

"განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

პარლამენტის პირველ სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, სავარაუდოდ, ლადო კახაძე გაუძღვება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სხდომას სპიკერის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება.

მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც 82 წელი უკვე შეუსრულდა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, პირველი სხდომის წაყვანა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში კი, ლადო კახაძეს მოუწევს.

არაოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა თემაზე შიდა კონსულტაციები და სამუშაო პროცესი ისევ გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის პოსტზე დავით სერგეენკოსა და გია ვოლსკის ვიხილავთ.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი შესაძლოა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიონ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს კი, დავით სონღულაშვილს ჩააბარებენ.

რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში ძველი თავმჯდომარე რჩება. წინასწარი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კვლავ მიხეილ ყაველაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - ბექა ოდიშარია, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებენ.

პარლამენტმა თანამდებობის პირები პირველივე სხდომაზე უნდა აირჩიოს.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში თეა წულუკიანის აღმასრულებლ ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი იხილებოდა. ამ კონტექტში საუბარი იყო წულუკიანის ან პრემიერ მინისტრად წარდგენაზე ან მის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დამტკიცებაზე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით