"სტრატეგია აღმაშენებელი" სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს და სიის ჩახსნაზე განცხადებას დაწერს - კვირის პალიტრა

"სტრატეგია აღმაშენებელი" სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს და სიის ჩახსნაზე განცხადებას დაწერს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ და სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადების დაწერას აპირებენ. გადაწყვეტილების შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა, დისკუსია გუნდში. რა თქმა უნდა, არც გვქონდა სხვა მოსაზრება, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ ჩვენს ბოიკოტს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს, ვაპირებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთანავე, გიორგი ვაშაძის თქმით, ხვალ რომ ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, ეს არა ვინმეს გამარჯვება, არამედ ქართული დემოკრატიის მარცხია.

"სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი, ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის და ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს ისევე, როგორც აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. "- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"