"ვინც ახლა გარიგებაში შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ის პოლიტიკოსი იყიდა... ამ ხალხს მე სალამს არ ვეტყვი" - კვირის პალიტრა

"ვინც ახლა გარიგებაში შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ის პოლიტიკოსი იყიდა... ამ ხალხს მე სალამს არ ვეტყვი"

"ივანიშვილი ჩვენზე წინდახედული კაცია და თადარიგი კარგა ხნის წინ დაიჭირა. ოპოზიციაში ფული ჩადო, რამდენიმე 1%-იანი პოლიტიკური პარტია შექმნა, ე.წ. ულტრაპროდასავლურ ლიბერალურ ფლანგზე და გაიყვანა კიდეც"

უკვე რამდენიმე კვირაა, ქართული პოლიტიკის მთავარი "საფიქრალი" ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხია და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის მცდელობების მიუხედავად, დათმობა/შეთანხმება მაინც ვერ შედგა. რას ფიქრობენ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსები მათზე, ვინც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატობის მანდატს ვერ დათმობს და "ქართულ ოცნებასთან" ერთად, პარლამენტში საქმიანობას შეუდგება? - პოლიტიკურ საკითხებზე kvirispalitra.ge რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ესაუბრა.

გედევან ფოფხაძე:

- ის, რაც არჩევნებზე მოხდა, ტოტალური გაყალბება იყო, ეს პარლამენტი კი უზურპატორი პარლამენტია, შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა, ნებისმიერი ფორმით, დაუშვებელია. შევლენ თუ არა, ითანამშრომლებენ თუ არა, გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ.

პირადად მე არ ვცნობ ამ პარლამენტს და არც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მთავრობას კი მივიჩნევ დე ფაქტო ხელისუფლებად, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. სიმართლე გითხრათ, მათთან მოლაპარაკების პროცესსაც არასწორად მივიჩნევ, იმიტომ, რომ ტერორისტებთან და კრიმინალებთან მოსალაპარაკებლად არ უნდა დაჯდე.

- თქვენი გადასახედიდან, როგორია დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის სახე?

- რამდენიმე ადამიანის ქცევა მომწონს. მიუხედავად იდეოლოგიური წინააღმდეგობისა, ნიკანორ მელიასა და ხატია დეკანოიძის ქცევა ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად სწორად აზროვნებენ. ვინც კერძო ინტერესს საჯარო ინტერესზე წინ აყენებს და უნდა, რომ პირადი ინტერესი დაიკმაყოფილოს, პარლამენტში შევიდეს და "ოცნებასთან" ითანამშრომლოს, ეს მისი მორალური არჩევანია, ვერც დავძრახავ და ვერც საქციელს შევუქებ.

- და მაინც, ვინც პარლამენტში შევა, მოღალატედ მიგაჩნიათ?

- ამ ხალხს მე სალამს არ ვეტყვი. ჩემთვის ასეთი ადამიანი მკვდარია. მე და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ისედაც არ ვესალმებით. თუ შევლენ, თავიანთ ამომრჩეველთან თვითონ გაარკვიონ ურთიერთობა.

- თქვენსა და ალეკო ელისაშვილს შორის უთანხმოების მიზეზი რა არის?

- პირადულია, არაფერი - პოლიტიკური.

- კეთილი. როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმები უახლოეს პერიოდში?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით. საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ვიღებდი და მივიღებ. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა, ამ მოცემულობაში, შეუძლებელი იქნება, ოპოზიცია ან გადაიქცევა დისიდენტურ მოძრაობად, ან - ხელისუფლების სატელიტურ ძალად. ფორმალური ოპოზიცია ყველა ვარიანტში სატელიტი იქნება, ხოლო თუ არსებულ რეჟიმს არ შეეგუება, დისიდენტურ ძალად გადაიქცევა. ამიტომ მგონია, რომ მეც ამ დისიდენტური მოძრაობის ნაწილი უნდა ვიყო. ყოველ შემთხვევაში, სანამ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ შეიცვლება და არჩევნების გამყალბებლები და კორუმპირებული ჩინოვნიკები ციხეში არ წავლენ, მანამდე, შეურიგებელი ოპოზიცია უნდა ვიყოთ! მე მაქვს ჩემი პოზიცია და იმ ადამიანებთან ერთად ვიქნები, ვინც ამ პოზიციას ბოლომდე გაიზიარებს.

ეკა ბესელია: - თითქოს რაღაც მეორდება, პოლიტიკური კონტექსტი ახლა განსხვავებულია, მაგრამ 2008 წელთან ასოცირდება, როდესაც არჩევნები ჩატარდა და ტოტალურად გაყალბდა. მაშინ ოპოზიციამ 18 მანდატი ავიღეთ და გადავწყვიტეთ, პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოგვეცხადებინა, ოღონდ ჩვენს მანდატებზე, სტატუსზე, ხელფასზე, პრივილეგიებზე ვთქვით უარი. გემახსოვრებათ, 12-მა ადამიანმა დავჭერით მანდატები, გაერთიანებული ოპოზიციიდან 6 კი სააკაშვილის ხელისუფლებამ პარლამენტში შეიყვანა. ჩემი ოჯახის მიმართ საშინელი რეპრესიები დაიწყო. ამის მიუხედავად, ჩემი პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნე.

იმ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ის ერთობა თუ რამემ გატეხა, სწორედ გარიგებაში მონაწილეობა იყო. ახლაც სწორედ ესაა. ერთხმად იყო ნათქვამი, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდოდა, მმართველ პარტიას მარტოს ვტოვებდით საკუთარ თავთან, რაც ლეგიტიმაციას სრულად აცლის ამ პარლამენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა ეს პირობა უნდა შეასრულოს და ვინც ახლა გარიგებაში შევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ის პოლიტიკოსი იყიდა. ელისაშვილმა თუ სხვამ რამდენიც უნდა იმართლოს თავი,  ამას ყიდვა ჰქვია, თუ არ დაწერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

ხალხმა უნდა გაიგოს ვინ ვინ არის. ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ ილუზია არსებობს, ზოგს ისეთი იმიჯი აქვს, სულ პატიოსნებასა და წესიერებაზე რომ ლაპარაკობს და ახლა, მოქმედებით უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ხმა მისცა.

თუ ვინმეს უნდა რამენაირად შეფუთოს მისი პარლამენტში შესვლა, არ გამოვა. მილიარდერმა იყიდა ესა თუ ის პოლიტიკოსი, რომლებზეც ის ხშირად ირონიით ლაპარაკობდა და მეც არაერთხელ მომისმენია პირადად მისგან. ოღონდ იმ პირებს და პარტიებს ვერ დაგისახელებთ, ვისაც ის ფულს უხდიდა. ამიტომ, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებს, საკუთარი სიტყვის პატივისმცემელი უნდა იყოს, აჩვენოს ამომრჩეველს, რომ ცდუნებებზე უარის თქმა შეუძლია. ბრძოლა გარედანაც შეიძლება.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, რისთვისაც მოვედი პოლიტიკაში ჩემი, საკმაოდ წარმატებული პროფესიიდან და რისთვისაც ვიბრძოდი, ეს არის თავისუფალი სასამართლო და ამისთვის ბრძოლას ყოველთვის გავაგრძელებ.

ჯონდი ბაღათურია:

- ივანიშვილი ჩვენზე წინდახედული კაცია და თადარიგი კარგა ხნის წინ დაიჭირა. ოპოზიციაში ფული ჩადო, რამდენიმე 1%-იანი პოლიტიკური პარტია შექმნა ე.წ. ულტრაპროდასავლურ ლიბერალურ ფლანგზე და გაიყვანა კიდეც. ზოგმა მთლად 1% ვერ აიღო, მაგრამ წაეხმარა და გაუფორმა, ჩვენს ხარჯზე - ვისაც დაგვაკლეს, მათ დაუმატეს. ერთ წელზე მეტია, აფინანსებენ და ცხადია, ახლა პასუხს სთხოვენ. ამიტომ ეს რამდენიმე პოლიტიკური პარტია თავს ვერ დაიხსნის ამ ვალდებულებებისგან და, ალბათ, პარლამენტში შევა. სტრატეგიულად მათ ინტელექტუალური და მორალური შეცდომა დაუშვეს. თავიდანვე კაცურად უნდა ეთქვათ, პარლამენტში შესვლას ვგეგმავთო. თავიანთი პოზიცია ხალხისთვის და პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის უნდა ეთქვათ. ახლა ეს მანჭვა-გრეხვა და დაკლაკნილობა ზედმეტია. ხომ ყველა ხვდებით, ვინც აპირებს შესვლას? რატომ ჰგონიათ მათ, რომ თვითონ ჭკვიანები არიან და სხვა - არა? მთელი წელი შექმნეს მოსაზრება, რომ იქ შესვლა არ შეიძლება და ეს ღალატია და ახლა... ნუ იტყუები. მცდარია მოსაზრება, რომ პოლიტიკაში ტყუილებით გახვალ ფონს, არ არის ასე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, სულ ეს არის.

ერთი რამაა, ახლა ამათ მაინც აიძულებენ შესვლას, რადგან ანგარიშები აქვთ გასასწორებელი, 3 პარტია და სავარაუდოდ, მეოთხეც...

- არ დაასახელებთ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- თქვენც ხომ იცით (იცინის). სახელიც არ მახსოვს. ერთი კინტო გამოირჩევა თავისი კინტოობით. ნამდვილად ვიცი, რომ კინტაურით შევა. მე მას არ ვძრახავ, ეთქვა შევდივარო და შესულიყო, მაგრამ ტყუილების გამო ვძრახავ. პარლამენტში შესვლას ფასი დაუკარგეს.

"ქართული ოცნების" "ლიდერშიფს" მაქსიმალიზმი ახასიათებს და დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ შეგვიძლია და კარგი იქნება, თუ 2/3-ს ავიღებთო. არადა, არანაირი საჭიროება არ ჰქონდათ, რომ 100 მანდატი აეღოთ, მაგრამ დაისახეს მიზნად, ობიექტურ არჩევნებში ვერ მიაღწიეს და ეს გზა აირჩიეს. ამის კომპენსირებისთვის მათ დემოკრატიული დეკორაციის შექმნა სჭირდებოდათ. მოკლედ, "დემოკრატიული "კარტინკა" შექმნეს დასავლეთის "გასაკვირვებლად", მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდა ვინმე დავამცირო, მაგრამ ცხადია, რომ ორი შაურის გამო შედიხარ და არა იმიტომ, რომ რაღაც პოზიცია გაქვს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში სიტუაციას მართავს მიშა. უბრალოდ, მათი ინტერესი დაემთხვა და მხარში ამოუდგა ბოკერიაც. ეს ორი პარტია მართავს ამ პროცესს, ძალიან აშკარაა მათი ზეგავლენა და მათი შანტაჟის ქვეშ იმყოფება ყველა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქციებში არ მივიღე მონაწილეობა, სწორედ მათი ფაქტორია, მათთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. როგორ უნდა მოახერხო ახალშექმნილმა პარტიამ, რომელმაც სუფთა ფურცლიდან დაიწყე საქმიანობა და ბარიერიც გადალახე, რომ მორალურად მიშასთან, ბოკერიასთან და გვარამიასთან აღმოჩნდე მტყუანი. ახლა ვერც დემოკრატიული ბუტაფორიის ფუნქცია შეასრულეს და ელექტორატიც გაანაწყენეს.

- თქვენს გეგმებზე რას გვეტყვით?

- ახლა სრული სურათი უნდა გამოიკვეთოს, რომ შემდგომი მოქმედება სწორად დაგეგმო.

პროცესების მიმდინარეობა "ქართული ოცნების" მიერ არასწორად დაგეგმვის შედეგია, ასევეა მიშას შემთხვევაშიც. სიტუაციას გადაფორმატება სჭირდება.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)