"ლელო" სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს - კვირის პალიტრა

"ლელო" სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს

პარტია "ლელო საქართველოსთვის" სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"დღეს ჩატარდა გაფართოებული პოლისტსაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. მოხდა შეფასება გაყალბებული არჩევნების და ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად", - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიისთვის კარგი არ იქნება, „თუმცა სხვა გამოსავალი არ არის".

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა. ეს ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. როდესაც ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ცუდი დემოკრატიისთვის, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალ ეტაპზე და გადავიდეთ ახალი დემოკრატიის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, მოგვიწია ამ ნაბიჯის ოფიციალურად გაფორმება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, ამ პოზიციას და პრინციპულობას „ლელო“ ყოველთვის დაიცავს იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ის ხმები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის შეთანხმება და ხელის მოწერის ცერემონია, რომელსაც ჩვენ შევუერთდებით და იურიდიულად ამას ჩვენი იურიდიული სამსახურები გააფორმებენ შესაბამისად", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"