"არ შეიძლება პათოლოგიური ადამიანები, ბოკერია-გვარამია-სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება პათოლოგიური ადამიანები, ბოკერია-გვარამია-სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს"

არ შეიძლება ასეთი პათოლოგიური ადამიანები, ბოკერია-გვარამია-სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ექცეოდნენ მათი გავლენის ქვეშ. ეს ასე ვერ გაგრძელდება , - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, ასევე "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია "ოდიოზური პათოლოგიური პოლიტიკოსები არიან“ .

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნულ პირებთან ასოცირებული პოლიტიკოსების და პოლიტიკური ძალების ადგილი პარლამენტში არ არის.

"სააკაშვილი-გვარამია-ბოკერია-უგულავა, ესენი არიან ოდიოზური პათოლოგიური პოლიტიკოსები, ვინც ამ სახეებთან არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული და ასოცირებული, არიან ჯანსაღი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, მათი ადგილი პარლამენტშია. მაგრამ ვინც ასოცირებულია ამა თუ იმ ფორმით ასეთ არაჯანსაღ პოლიტიკოსებთან, მათი ადგილი პარლამენტში არ არის",-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, სიების განულებაზე გადაწყვეტილებას ცესკო იღებს. სადეპუტატო მანდატების შეწყვეტაზე კი პარლამენტი.

"რაც შეეხება იმ დეპუტატების მანდატებს, რომლებიც არჩეულები არიან, უფლებამოსილება ცნობილი იქნება ხვალინდელ სხდომაზე, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ გუშინ, რომ თუ იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომართვა აუცილებლად დაკმაყოფილდება.

ეს ხომ საერთოდ სასაცილოა, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც ძალიან კარგად განვითარებული კულტურა აქვს სხვადასხვა მიმართულებით, ასეთ ქვეყანაში არ შეიძლება ასეთი პათოლოგიური ადამიანები, ბოკერია-გვარამია-სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ექცეოდნენ მათი შანტაჟის და გავლენის ქვეშ. ეს ასე ვერ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ვინც იქნება ასეთი შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი, ასე გააგრძელებს თავის საქმიანობას, მათი ადგილი პარლამენტში არ არის. ვინც სხვანაირად გააგრძელებს თავის საქმიანობას ისინი შემოვლენ პარლამენტში",-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დასძენს, რომ "ქართული ოცნების" ამოცანაა პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილები.

"ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასაჩქარებელი, "" "ქართულ ოცნებას“ არაფერი არ აქვს დასაჩქარებელი, ჩვენ ყველა პარტიის პოზიციას ველოდებით. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი ჯანსაღი პოლიტიკური ძალები", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"