"კაცი ან ხარ, ან არ ხარ, კაცს რომ გავხარ და შარვალი გაცვია ეს არ ნიშნავს მხოლოდ კაცობას" - კვირის პალიტრა

"კაცი ან ხარ, ან არ ხარ, კაცს რომ გავხარ და შარვალი გაცვია ეს არ ნიშნავს მხოლოდ კაცობას"

რას ნიშნავს ბოკერიას, უგულავას და ბურჯანაძეს ვინმე სადმე მიჰყავს, ელისაშვილი და იოსელიანი ყველაზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ? როგორ აყენებენ ასეთ შეურაცხყოფას დანარჩენ ოპოზიციას, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. ამით ბურჯანაძე "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უმანდატო ბოკერიას უგულავას და ბურჯანაძეს, ხვალ მთელი მანდატიანი ოპოზიცია მიჰყავს მანდატების დასაწვავად.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის 99% ერთ მხარეზეა და ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის ნაწილი არ არის.

"ალეკო ელისაშვილი არ არის ოპოზიცია, ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ამ ერთობას ჩაშლის და აქეთ ლანძღვას დაიწყებს, ის ბუნებრივად ვერ იქნება ოპოზიციის ნაწილი. მე არაერთგზის მითქვამს ჩემი აზრი და სერიოზული ეჭვები გამოთქმული ელისაშვილთან დაკავშირებით. ეჭვებს უბრალოდ ციდან არ ვასახელებ ხოლმე, უბრალოდ, როდესაც იყო ოპოზიციური ერთობა თავს ვიკავებდი. ასეთი ბრალდებები ოპოზიციის მიმართ უბრალოდ ულამაზოა, რას ნიშნავს ბოკერიას უგულავას და ბურჯანაძეს ვინმე სადმე მიყავს და ელისაშვილი და იოსელიანი ყველაზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ? როგორ აყენებენ ასეთ შეურაცხყოფას დანარჩენ ოპოზიციას.

ოპოზიციის 99% ვართ ერთ მხარეს, მე ზუსტად ვიცოდი, რომ ელისაშვილი არ იყო ოპოზიცია. თუ შენ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, შენი ამომრჩეველი მოატყუეს, პარლამენტში არ შევალო და მერე უცებ ამბობ, რომ გადავიფიქრე ეს პირველ რიგში შენს უთავმოყვარეობაზე და ხალხის შეურაცხყოფაზე ლაპარაკობს. თუ ბოკერია და უგულავა რამის ჩაშლას ცდილობდა, რატომ ამბობს ამას ელისაშვილი დღეს და რატომ არ ამბობდა ამას ორი კვირის წინ? კაცი ან ხარ, ან არ ხარ, კაცს რომ გავხარ და შარვალი გაცვია ეს არ ნიშნავს მხოლოდ კაცობას. პირი უნდა მომუწო და არ ილაპარაკო ყველაფერი რაც დაგჭირდება, რომ შენი არაკაცური ნაბიჯი გაამართლო. ხელისუფლება ამბობს მე არ მოვდივარ დათმობაზეო და ელისაშვილს თუ ყურში ჩაუჩურჩულა თქვას მაშინ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"