"ძალიან სასაცილოა, რომ ბურჯანაძე, ბოკერია, უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო ამბობენ, რა უბედურებაა?!" - კვირის პალიტრა

"ძალიან სასაცილოა, რომ ბურჯანაძე, ბოკერია, უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო ამბობენ, რა უბედურებაა?!"

სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? ძალიან უხერხულია,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ უხერხულია ერთდროულად თან მანდატებს ხევდე და თან მოლაპარაკებებზე დადიოდე, ამასთანავე სასაცილოა, რომ მანდატებს ხევენ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

"ძალიან სასაცილოა, რომ ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ და მანდატები დავხიოთო ამბობენ, ჯერ ეს რა უბედურებაა ?!

მოლაპარაკებაზე რაზეა საუბარი იცით?! - თუ "ქართული ოცნება" ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველა, ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ და უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო?

რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არ შევიდოდი, მე არ მითქვამს პარლამენტში შესვლა მინდა და არიქა გავრბივარ-თქო, მე ვთქვი, რომ არის რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე განცხადებით, პარტია "მოქალაქეები" მზად იყო იმისთვის, რომ მოლაპარაკებებთან და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების შემდეგ, მათკენ ბრალდებების ნიაღვარი წავიდოდა.

"მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას აგიხსნათ, რა გავაკეთეთ და რა ვთქვით და რის გამოც ვილანძღებით უღმერთოდ, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ვიცოდით, რა ნიაღვარი წამოვიდოდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია იყო, რომ რისიც გვწამს, რისიც გვჯერა იმ გადაწყვეტილებას თუ ვერ მივიღებთ იმის შიშით, რომ მერე ჩვენზე ნიაღვარი წამოვა, ჭორები, ბოდვები, ჭუჭყი, დაგვაბრალებენ მილიონ რაღაცას, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში? ჩვენ ხმამაღლა გავბედეთ და მკაფიოდ ვთქვით, რომ ის მოლაპარაკება არის გადასარჩენი. იმ მოლაპარაკებაზე კი არ ვერთობით და დომინოს სათამაშოდ კი არ დადივართ, არამედ დავაახლოვეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე "ქართული ოცნება" და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან.

მოღალატეობრივი საქციელი კი არ არის პარლამენტში შესვლა, ხალხის სამსახურია პარლამენტში ყოფნა,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"