"დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა - ეს მართლაც სასწაულია" - კვირის პალიტრა

"დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა - ეს მართლაც სასწაულია"

მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომლის მიხედვითაც არჩევნები მოპარულია.

"დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. დიდი გამარჯვებაა პირველ რიგში ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია, მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს.

ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი",-განაცხადა სააკაშვილმა.