"ქართულმა ოცნებამ" მზითევში კობახიძე მოაყოლა" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" მზითევში კობახიძე მოაყოლა"

ჩვენ ვერ უზრუნველვყავით, ერთხელ მაინც, სერიოზულად განგვეხილა "ქართული ოცნების" შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მას მზითევში კობახიძე მოაყოლა, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებით "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდა.

"ახლაც არ არის დისკუსია, ელისაშვილის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ადამიანმა რაღაც თქვა და სამი დღეა, ლანძღავენ. ფიზიკურად, დისკუსია ჯერ არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი მედია გვაქვს, ჩვენ ვერ უზრუნველვყავით სერიოზულად განგვეხილა ერთხელ მაინც "ქართული ოცნების" შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მას მზითევში კობახიძე მოაყოლა, რომელმაც თან თქვა, რაღაც შეთავაზება დავდე, ამ შეთავაზებასთან, რაც დავდე, ვაპირებ, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლასო... სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება პირდაპირ იმისკენ იყო მიმართული, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა, მოლაპარაკება ჩაშალოს. საერთაშორისო პარტნიორები ახლა კი ჩვენ გვაკრიტიკებენ, მაგრამ ნელ-ნელა ისინი გაიგებენ, ლაპარაკი რომ გვდომოდა და მოლაპარაკებაც, კაცი გამოვიდა და ჩემ პოლიტიკურ პარტნიორებზე თქვა, რომელიც მჭირდება იმაში, რომ ჩემ მიზანს მივაღწიო, ამათ არჩევნების მერე კანონით ავკრძალავ და გავაუქმებო", - განაცხადა ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"