თამარ ჟვანია განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

თამარ ჟვანია განცხადებას ავრცელებს

იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება",-ამის შესახებ ცესკო-ს თვმჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რითაც "სამართლიანი არჩევნების" მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას გამოეხმაურა.

თამარ ჟვანიას თქმით, "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, მყარად ადასტურებს, არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია.

" დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, "ბულინგი" და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება", - წერს თამარ ჟვანია.