"თუ კორონავირუსი სასჯელია, მინდა გითხრათ, ჩვენი ცოდვების გამო, იოლად გამოვსულვართ, რადგან ეს არ არის საკმარისი სასჯელი" - კვირის პალიტრა

"თუ კორონავირუსი სასჯელია, მინდა გითხრათ, ჩვენი ცოდვების გამო, იოლად გამოვსულვართ, რადგან ეს არ არის საკმარისი სასჯელი"

აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. მთავარი არის, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ , - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ყველას მოუწოდა, კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციები აუცილებლად დაიცვან, მაგრამ ამავე დროს "საკუთარი სახე არ დაკარგონ“.

"როგორც ვიცი, რეგულაციებს შესაბამისი უწყება ღებულობს. ის ძირითადად დამოუკიდებლად არ წყვეტს არაფერს, არამედ ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა. რამდენადაც ვიცი, დღეს მთელ მსოფლიოში, ძირითადად წამყვან ქვეყნებში, თუ არ ვცდები, 20 დეკემბრიდან ""კომენდანტის საათი“ იქნება შემოღებული, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ამას ვამბობ, ქრისტიანი, მოაზროვნე ადამიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ არ გადასდოს სხვას ავადმყოფობა, რომელიც შესაძლოა აქვს და არ იცის. ამითია ეს დაავადება მზაკვრული. შეიძლება ვირუსი გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ და ამ დროს, შესაძლოა სხვას გადასდო. ამ წუთას არ მიკეთია პირბადე უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ ახლახანს გადავიტანე ვირუსი და ჯერჯერობით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები არ არის. ასეთი ფაქტები არის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. მთავარი არის, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ. რეგულაციების გამო, რომ აღდგომის წირვა არ აღვასრულოთ, ეს არ არის სწორი. აღდგომის წირვა უნდა ჩატარდეს, ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“,-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი შეფასებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რეგულაციების უგულებელყოფა უკულტურობაა.

"როდესაც გარშემო ყველა ადამიანი პირბადით დადის, როდესაც ადამიანებს ეშინიათ, რა ქნან?! ჩვენც გვეშინია, არ გვინდა, რომ დაგვემართოს. ასეთ დროს, როდესაც რეგულაციებს არ იცავ, მგონი, ეს უბრალოდ უკულტურობაა“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან მისი თქმით, თუკი კოონავირუსი სასჯელია, ეს საკმარისი სასჯელი არ არის, მარგამ ღმერთი ადამიანებს არ სჯის.

"თუ კორონავირუსი სასჯელია, მინდა გითხრათ, ჩვენი ცოდვების გამო, იოლად გამოვსულვართ, რადგან ეს არ არის საკმარისი სასჯელი, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, მაგრამ ღმერთია მოწყალე და ასე ღმერთი ადამიანებს არ სჯის. ღმერთის სასჯელი ასეთი ფორმით არ აღესრულება, რომ შენ ახლა რაღაცას დააშავებ და მერე ავად გახდები. ეს ასე არ არის, სხვაგვარად არის, მაგრამ ასე უცებ ვერ განგიმარტავთ“, -აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

"ინტერპრესნიუსი"