"მარტო მე და ალეკოს, ან თუნდაც ოთხი, ხუთი ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლას რა აზრი აქვს" - კვირის პალიტრა

"მარტო მე და ალეკოს, ან თუნდაც ოთხი, ხუთი ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლას რა აზრი აქვს"

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერები ალეკო ელისაშვილს ოპოზიციის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. "ნაციონალების" ლიდერი ხატია დეკანოიძე ელისაშვილს მოუწოდებს შეწყვიტოს მისი გვარის ხსენება, თითქოს მას პარლამენტში შესვლა სურს. "ჩემი ძალიან მყარი გადაწყვეტილებაა, რომ მიუღებელია ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, მათ შორის იმ ნამცეცებზე, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს საარჩევნო რეფორმის სახით", - აღნიშნა დეკანოიძემ. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ელისაშვილი "თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს და ახლა ისღა დარჩენია, კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი". როგორია პარტია "მოქალაქეების" სხვა ლიდერების პოზიცია და რამდენად სწორად მიაჩნიათ ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, ამის შესახებ ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- ქალბატონმა ხატიამ ძალიან კარგად იცის, რომ ალეკო ელისაშვილს აზრადაც არ მოსვლია არც მისი და არც სხვა ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაცია. ისიც იცის, რომ მას მე და ალეკო ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ამას ხშირად ვაფიქსირებთ. ჩვენ მოვუწოდებთ დანარჩენ ოპოზიციას გამოვიდნენ და ჩვენსავით დაიცვან შეთანხმება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

- რას იტყვით ალეკო ელისაშვილის ამ განცხადებაზე: "სიმართლე გითხრათ, დასკვნა სამჯერ გადავიკითხე. თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, ფეიკი იყო, რადგან ISFED-ი ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდება, ყველაზე სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა... როცა ISFED-ი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას. გულწრფელად ვიტყვი, ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე".

- ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ზედმეტად ბაქიბუქობს. "თავისუფალმა არჩევნებმა" შესაძლოა რაღაც კომპონენტში ნამდვილად დაუშვა შეცდომა და ეს აღიარა, მაგრამ არჩევნები რომ არასამართლიან გარემოში ჩატარდა და იყო ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინებაც, ეს "თავისუფალ არჩევნებს" ძველებურად უწერია დასკვნაში. აპელირება იმით, რომ ISFED-მა შეცდომა დაუშვა და ახლა ოპოზიცია მთლიანად განიარაღებულია, სწორი არ არის. ალეკომ თქვა, ცუდია, რომ ასეთი რამ მოხდა და ამან ოპოზიციის პოზიცია ცოტა შეასუსტაო.

- ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის არც გიორგი ვაშაძე, თქვენს მოწოდებას არ იზიარებენ. ჯერ არც სხვა ვინმე ჩანს, ვინც თქვენს ხედვას გაიზიარებს. რას იზამთ, შეხვალთ პარლამენტში? - არა, რა თქმა უნდა. მარტო მე და ალეკოს, ან თუნდაც ოთხი, ხუთი ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლას რა აზრი აქვს? ეს მაინც ვერ გაფორმდება, როგორც ოპოზიციის შესვლა პარლამენტში. მე და ალეკო ძალ-ღონეს არ დავიშურებთ მოლაპარაკების შედეგიანად დასასრულებლად. თუ ეს ასე მოხდა, მე და ალეკო კი არა, ოპოზიცია სრულად შევა პარლამენტში.

- რა რესურსი გაქვთ ოპოზიციაზე ზეგავლენის მოსახდენად? - ეს მოლაპარაკებისას გამოჩნდება.

ხათუნა ბახტურიძე