"ალეკო ელისაშვილსა და "ქართულ ოცნებას" ზუსტად ერთნაირი მესიჯბოქსი აქვთ" - კვირის პალიტრა

"ალეკო ელისაშვილსა და "ქართულ ოცნებას" ზუსტად ერთნაირი მესიჯბოქსი აქვთ"

"ვინ შლის მოლაპარაკებას, ცხადზე უცხადესია - "ნაციონალური მოძრაობის" სააკაშვილ-გვარამიას რადიკალური ფრთა და "ევროპული საქართველო", რომელიც მთლიანად რადიკალური ფრთისგან შედგება და იქ არანაირი სხვა ფრთა არ არის", - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ დანარჩენ ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსი კიდევ არის. ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერები მოლაპარაკების ჩაშლის ცდაში პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დაადანაშაულა. "გიგა ბოკერიას პარტია, რომელსაც "ევროპული საქართველო"ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში მავნებელი და ბნელი საქართველოა, როგორც ოპოზიციაში, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან, მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს", - განაცხადა ელისაშვილმა. როგორია "ევროპული საქართველოს" ლიდერების აზრი ამ ბრალდებების შესახებ და აპირებენ თუ არა მოლაპარაკებაში მონაწილეობას, ამის გარკვევა "ევროპელების" ერთ-ერთ ლიდერთან, სერგი კაპანაძესთან ვცადეთ:

- ალეკო ელისაშვილსა და "ქართულ ოცნებას" ზუსტად ერთნაირი მესიჯბოქსი აქვთ. ელისაშვილი ამბობს, რომ თურმე ირაკლი კობახიძე კარგი ტიპია და "ევროპული საქართველოა" ქვეყნის ამომგდები. დანარჩენი ოპოზიცია ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების გარეშე არაფერზე არ შეიძლება შეთანხმება.

ხელისუფლებისგან ჩვენთვის ტალახის სროლა ახალი ამბავი არ არის. ახალი ის არის, რომ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ალეკო ელისაშვილსაც არ მოვწონვართ.

- გაიმართება მე-5 რაუნდი და "ევროპული საქართველო" მიიღებს მონაწილეობას? - აუცილებლად გაიმართება და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

- არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი ბრალდება გაცამტვერდა, როცა "სამართლიანმა არჩევნებმა" თავისი შეცდომა აღიარა. ახლა რა იქნება მოლაპარაკების მთავარი საგანი? - მოლაპარაკების მთავარი საგანი ისევ ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნები იქნება. რა ბრალდება გაცამტვერდა?  არჩევნების გაყალბების არგუმენტი არც არასდროს ყოფილა "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის შედეგები. არჩევნების გაყალბება დასტურდება ოქმებით, ჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით, რაც სასამართლომ არ განიხილა. სხვათა შორის, სასამართლოს არც "სამართლიანი არჩევნების" საჩივრები განუხილავს. პარალელური დათვლა ვერ "იჭერს" ჩაყრილ ბიულეტენებს და დატრიალებულ "კარუსელებს", ეს ხმების პარალელურად დათვლამდე ხდება.

თალაკვაძემ და კობახიძემ თავად მოიგონეს, ვითომ ჩვენ "სამართლიანი არჩევნების" დასკვნით ვხელმძღვანელობდით და თავიანთი ჭკუით გააქარწყლეს ჩვენი ბრალდება. არა, ბატონებო, გაყალბების დამადასტურებელი არგუმენტი ის არის, რომ 8 ათასზე მეტი ბიულეტენი დაიკარგა პროპორციულ ნაწილში, 12 ათასზე მეტი ბიულეტენი კი მაჟორიტარულში. ასევე არის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ყრიან საარჩევნო ურნებში ბიულეტენებს. შეგახსენებთ, რომ ასეთი ვიდეოჩანაწერები სასამართლომაც არ განიხილა, ვერ ვხედავთ, საარჩევნო ურნაში ბიულეტენებს ყრიდნენ თუ სხვა რამესო.

ყველაფერზე ჩვენი პასუხი ასეთია - არ შევალთ გაყალბებულ პარლამენტში. თუ სურთ, ჩაატარონ ხელახალი არჩევნები, თუ არადა, დარჩეს "ქართული ოცნება" მარტო პარლამენტში.

ხათუნა ბახტურიძე