"კობახიძის განცხადებების დასახელება მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად ნამდვილი უტიფრობაა" - კვირის პალიტრა

"კობახიძის განცხადებების დასახელება მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად ნამდვილი უტიფრობაა"

მძიმე პოლიტიკური კვირის შემდეგ პოლიტიკური სპექტრი მე-5 რაუნდისთვის ემზადება. რა გახდა რეალურად გასულ კვირას დაგეგმილი მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი და რაზე შეიძლება შეთანხმდეს ან ვერ შეთანხმდეს პოლიტიკური სპექტრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გვესაუბრება:

- უტიფრობის დიდი კონკურსი რომ გაიმართოს, პირველ ადგილს აიღებდა ის ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც მოლაპარაკების მე-5 რაუნდის ჩაშლა ირაკლი კობახიძეს დააბრალა. მან მხოლოდ რეალობა აღწერა, ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და ოპოზიციის დიდი ჯგუფის მიზნებზე და სამართლიანად შეაფასა პოლიტიკური გარემო. თუ ყოველივე ამაზე სხვებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, შეგვეძლო გვეკამათა. კობახიძის განცხადებების დასახელება მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად ნამდვილი უტიფრობაა. ახლა ჩვენ ამათ რა უნდა ვუთხრათ ისეთი, რომ პარლამენტში შემოვიდნენ?! მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მსოფლიოში და შესაბამისად, ჩვენს რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური პროცესების ფონზე ევროპარლამენტარები უკვე მერამდენედ მოუწოდებენ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და ქვეყანაში არასტაბილური ვითარება არ შექმნან. რომ ჰკითხო, პროდასავლური ორიენტაცია აქვთ. ხომ ნახეთ, როგორი განცხადება გააკეთა "სამართლიანმა არჩევნებმა", რომელიც პარალელურ დათვლას აწარმოებდა და რომლის დათვლის შედეგი ოპოზიციის მთავარი არგუმენტი იყო, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა. ჩაატარა შიდა აუდიტი, გამოასწორა შეცდომა და საბოლოო შედეგი ერთი ერთში დაემთხვა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.

- ოპოზიცია ამბობს, რომ "სამართლიანი არჩევნების" დათვლის შედეგები მათი მთავარი არგუმენტი არ არის. თუმცა ახლა საინტერესო ის უფროა, ამ ორგანიზაციის განცხადების შემდეგ, ძალაში რჩება თუ არა ხელისუფლების პირობა ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, თუ არჩევნების შედეგების გადამოწმებისას 1%-იანი ცდომილებაც კი აღმოჩნდება? - ძალაში რჩება. თუმცა გარწმუნებთ, ოპოზიციას არ აწყობს შედეგების გადამოწმება. იცოდნენ "სამართლიანი არჩევნების" შეცდომების შესახებ, მაგრამ არაფერს ამბოდნენ. აგერ ნახავთ, თუ წამოვლენ ამ პირობაზე.

- თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის გარდა, არიან სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებთანაც მოლაპარაკების რესურსი ჯერ კიდევ გაქვთ. ვის გულისხმობთ, ან რა რესურსი გაქვთ მათთან შეთანხმების მისაღწევად? - ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ სააკაშვილი-გვარამიას რადიკალური ფრთისა და მთლიანად რადიკალი "ევროპული საქართველოს" გარდა, ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, რომლებიც სათანადოდ შეაფასებენ დღევანდელ ვითარებას. კონკრეტულ პირებზე საუბარი ჯერ მართებულად არ მიმაჩნია.

ხათუნა ბახტურიძე