"ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია და მოლაპარაკებებზე კობახიძესთან ერთად მობრძანდეს" - კვირის პალიტრა

"ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია და მოლაპარაკებებზე კობახიძესთან ერთად მობრძანდეს"

ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ელისაშვილი ახლა ხელისუფლების ბანაკშია და შეუძლია მოლაპარაკებებზე კობახიძესთან ერთად მოვიდეს.

"ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ეს გააფორმა მან თვითონ. ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი. ჩვენ ელისაშვილს არ დავუძახებთ, იქ (მოლაპარაკებებზე) კობახიძესთან ერთად მობრძანდეს, მასთან ერთად როგორც ერთ-ერთ ერთეული, რომელიც ახლა არის ხელისუფლების ბანაკში, იქ მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალოთ. ჩვენთან რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს?!", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

"თუ ისინი ამ ეტაპზე ჩაშლიან მოლაპარაკებას, საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და საუბარი იმაზე, როგორ ჩავატაროთ ნორმალური ვადამდელი არჩევნები და ამის ალტერნატივა არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ივანიშვილისთვის შესაძლოა, დამღუპველი, რაც ადრე მიხვდება ამას ივანიშვილი, მით უკეთესი", - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"