"შემეცოდა საქართველო! ბიძინა ივანიშვილი მარადიულ დინასტიას იშენებს..." - კვირის პალიტრა

"შემეცოდა საქართველო! ბიძინა ივანიშვილი მარადიულ დინასტიას იშენებს..."

მხატვარი გია ბუღაძე kvirispalitra.ge-სთან საუბრისას ქვეყანაში უახლოეს დღეებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

- ორიოდე დღის წინ, მეათე მოწვევის პარლამენტის ახალარჩეულმა შემადგენლობამ პირველი სხდომა ჩაატარა, თუმცა, როგორც ვიხილეთ, მხოლოდ უმრავლესობაში მყოფი მმართველი გუნდი იყო წარმოდგენილი... რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც დარბაზის მეორე ნახევარი ცარიელი იყო?

- შემეცოდა საქართველო! 30 წლიანი წვალების შედეგად, ეს სამარცხვინო პარლამენტი მივიღეთ. შემეცოდა ყველა, ვინც იდეალისტურად უყურებდა საქართველოს განვითარებას და მივხვდი, რომ ახლა საშინლად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ასეთი დავარდნილი და დაცემული, ზნეობრივი თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა თითქმის არასდროს ყოფილა. დღევანდელი საქართველო, მმართველები, ჩემთვის, მძიმე სანახავია. გავიცინებდი, ეს რომ ჩემი ქვეყანა არ იყოს და რომ არ მადარდებდეს. სხვა ქვეყანა რომ იყოს, მართლაც გავიცინებდი და ვიტყოდი, გამოშტერდნენ-მეთქი, მაგრამ ახლა სასაცილოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე, როცა ამდენი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ქვეყნის სათავეში არაპროფესიონაილი, ქურდბაცაცა, კორუმპირებული, განუვითარებელი, გაუნათლებელი, მომხვეჭელი კარიერისტები და მილიონრები დგანან. შეხედეთ, ჯერ მარტო, რამდენად ძვირიანი საათებით, სამოსით, ფეხსაცმლით და ავტომობილებით დადიან, მაშინ, როცა ხალხი გაღარიბებული და გაუბედურებულია, ნაგავში იქექება, წვალობს. ძალიან "ქოცი" უნდა იყო, რომ ამათ ტაში დაუკრა.

- გახსოვთ, ალბათ, ზუსტად ასეთი ბრალდებები ისმოდა ხოლმე წინა ხელისუფლების მისამართითაც... ჩინოვნიკები ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში არიან. რაში ხედავთ გამოსავალს?

- ხომ სწორედ ამიტომ შევცვალეთ ის ხელისუფლება? არ გვინდოდა, ერთად შევცვალეთ და უარესი მივიღეთ. ისინი რაღაცას მაინც აკეთებდნენ. დღეს წინ წასვლა გვინდოდა და უკან წავედით. კონტრასტი ღარიბ და მდიდარ ხალხს შორის, კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. ბევრი მდიდარი პარლამენტში და ასჯერ მეტი გაღარიბებული - გარეთ. აი, ეს მივიღეთ. ესაა შემზარავი. თორემ, საზოგადოებამ ხომ იმიტომ მოიშორა ისინი, რომ თვლიდა, საშინელი ხალხი იყო? ამ ხალხის ტვინში მაინც ვერ ჩავიხედე...

ბიძინა ივანიშვილის არასდროს მჯეროდა და იცით, რატომ? მდიდარი ადამიანების არ მჯერა. მით უმეტეს, როცა პოლიტიკაში მოდიან თავიანთი ბიზნესების ასამუშავებლად. მდიდარი ადამიანი იმიტომ კი არ არის მდიდარი, რომ ფულს არიგებს, ის იმიტომაა მდიდარი, რომ ფული უყვარს, მომხვეჭელია. ამიტომ, მდიდარი ადამიანი პოლიტიკაში ძალიან საშიშია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი გულუხვი გახდება.

ადამიანს რა აკარგვინებს ადამიანურ სახეს? ორი მდგომარეობა: ძალიან დიდი ფული - იქვე ურჩხული ხდება და ძალიან დიდი სიღარიბე - ღირსებას კარგავს, ფაქტობრივად, ჭიაყელა ხდება. ნამდვილ ადამიანს არც ერთი უნდა და მეორე - მით უმეტეს. ჭეშმარიტება ყოველთვის შუაშია. ის, რაც დღეს ხდება, კორუფციის შედეგია. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის მიზანი და თქვენი ხედვით, როგორია ის, როგორც ლიდერი?

- მე მგონია, რომ იგი თავის დინასტიას ქმნის, მარადიულ დინასტიას, სადაც მისი შვილები და შთამომავლები თავიანთ საფეოდალოს შექმნიან. აღმოსავლურ დიქტატურებს, ავტორიტარულ სისტემებს რომ ახასიათებთ, რაღაც მსგავსია, ერთი ოჯახის, მმართველის გარშემოა ჩამოკიდებული ყველაფერი და მხოლოდ ისაა "ბედნიერი", ვინც მასთანაა კავშირში. ეს არის დინასტიის შექმნის მცდელობა და შეიძლება ითქვას, რომ კულტისაც კი. თუ არ გაჩერდა, ეს კონკრეტულ სახეებს შეიძენს. მისი სიმდიდრის შესახებ ლეგენდები დადის და ცხადია, ხელს აძლევს, რომ ყველა ღარიბი იყოს და მის ფულს შეჰყურებდნენ, აღმერთებდნენ.

თუნდაც ის ამბიცია, თავის დროზე რომ გადაწყვიტა, თავისი ბროლის ციხე-კოშკი მეფეთა ბაღებისა და სასახლეების თავზე დაედგა, ესეც დინასტიის ამბიციას ნიშნავდა. უბრალოდ, მაშინ ჩვენ ვერ მივხვდით. კი ვეჭვობდი, მაგრამ რადგან არ ჩანდა, მაშინ ამას ვერავინ გათვლიდა... თურმე, რა შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა.

თვითგადარჩენის საოცარი ინსტინქტი აქვს, ძალიან ფხიზელი გონების ადამიანია, ამ თვალსაზრისით. თუმცა, იდეებს, კონკრეტული მოქმედების გეგმებს, მთელ ამ ხლართებს, ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა გეგმავს, რომელსაც სახელად ჰქვია ირაკლი კობახიძე.

- ოპოზიციაში, ძირითადად, ძველი სახეები არიან, რომელთა საქმიანობაც ასევე კარგადაა საზოგადოებისათვის ცნობილი. მათ ქცევაში პროვოკაციულ ელემენტებს თუ ხედავთ? მაგალითად, მანდატებს ისეთი ადამიანები "ხევენ", რომელთაც ის ვერც კი მიიღეს...

- ესეც პარადოქსია (იცინის). ბუნებრივია, მათ მიაჩნიათ, რომ მეტი ხმა მიიღეს, მეტი ეკუთვნოდათ, მაგრამ გაუყალბეს. აქედან გამომდინარე, თავი უსამართლობის მსხვერპლად მიაჩნიათ.

სად გამოძებნი ახალ სახეებს? პატარა ქვეყანაა და ახალი ძალის გამოძებნა რთულია. თუმცა, რაც უნდა იყოს, ოპოზიციას კლასი აქვს. დღევანდელ პარლამენტსა და უმრავლესობას რომ გადავხედოთ, რომელ პოლიტიკურ კლასებზეა საუბარი? ისევ მეცხრე მოწვევის პარლამენტის ხალხია სათავეში.

ერთი რამ ვიცი, ეს ასე იოლად არ დასრულდება. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდოდა. ქვეყანას უმცირესობა მართავს, წარმოუდგენელი რამაა!

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)