"გაზაფხულზე სიტუაცია გამწვავდება, მაგრამ..." - ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად, თუ პარლამენტში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შევიდა?! - კვირის პალიტრა

"გაზაფხულზე სიტუაცია გამწვავდება, მაგრამ..." - ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად, თუ პარლამენტში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შევიდა?!

"ყველას მოვუწოდებ - კარგად დაფიქრდნენ, სანამ მანდატებზე იტყვიან უარს. თუ 30 კაცი მაინც შეიკრიბა, შესაძლოა მათგან მართლა ჩამოყალიბდეს "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული ძალა"

მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა, თუმცა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო 150-წევრიანმა საკანონმდებლო ორგანომ 90 დეპუტატით დაიწყო მუშაობა. პარლამენტის შეკრების პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა: პირველი ოპოზიციური სპექტრის განცხადებაა, რომ არჩევნები გაყალბებულია და არ აღიარებენ მის შედეგებს. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება; მეორე დოკუმენტი შეიცავს იმ ოპოზიციური პარტიების წევრთა განცხადებებს, ვინც მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე; მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას "სიების ჩახსნის" თაობაზე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტიებმა: "ლელო საქართველოსთვის", ლეიბორისტულმა პარტიამ, "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ". ოპოზიციის დოკუმენტებზე ხელის მოწერას არ ესწრებოდნენ პარტიები: "გირჩი", რესპუბლიკური პარტია და "ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები". როგორც "გირჩმა" და რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადეს, დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ და მის დასადასტურებლად ცერემონიებში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავენ.

დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს უმრავლესობა, მაგრამ არა საკონსტიტუციო. 90 დეპუტატი საკმარისია, რათა პარლამენტმა იმუშაოს, თუმცა ვერ მიიღებს მნიშვნელოვან კანონებსა და ცვლილებებს. "ქართული ოცნების" დეპუტაცია ასევე არასაკმარისი იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად. რამდენად ფუნქციური იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტი, თუ ყველა ოპოზიციური პარტია უარს იტყვის მანდატებზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- ძალიან უცნაურია, როცა "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, მე-10 მოწვევის პარლამენტი არ არის ერთპარტიულიო. ჯერ მართლაც არ არის, რადგან 150 დეპუტატის უფლებამოსილება აღიარებულია, თუმცა ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პარლამენტი ნამდვილად ერთპარტიულია. თუმცა მცდარია ოპოზიციის მტკიცება, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მარტო დარჩენის შიში ან დისკომფორტი აქვს. გასაგებია, რომ კონსტიტუციურ კანონსა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, თუმცა სხვა მხრივ ჩვეულებრივად იმუშავებენ.

გავუსწოროთ რეალობას თვალი - საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი ყოველთვის ფორმალობა იყო. ოპოზიცია ყველა ხელისუფლების დროს ფსევდოოპოზიციის როლს ასრულებდა და არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია, მხოლოდ ლაპარაკობდა. სანამ თავად საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდებოდა ხელისუფლების საერთო-სახალხო მიუღებლობა, მანამდე მთავრობის შეცვლას მაინც ვერ ვახერხებდით. დღეს ოპოზიციას გაცილებით მეტი უფლება აქვს, საგამოძიებო კომისიის შექმნა მაინც შეუძლია. როგორც ყველა სხვა ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებასაც" ოპოზიცია დეკორაციად სჭირდება, დემოკრატიული ელფერისთვის. კი, ხანდახან ნერვებს მოუშლიან, მაგრამ მეტს ვერაფერს გააკეთებენ. ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც "ოცნება" ისურვებს.

ოპოზიცია არც მაშინ არის მართალი, როცა ირწმუნება, ჩვენი პარლამენტში შეუსვლელობით ქვეყანა დაიქცევაო. ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლით ვითარება ამაზე მეტად არც დამძიმდება, არც გაუმჯობესდება. გაზაფხულზე შეიძლება მართლა გამწვავდეს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, "ქართულ ოცნებას" კი ამ პრობლემასთან გამკლავების რესურსი არა აქვს.

თუ მართლა გვინდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, დემოკრატიული ინსტიტუტები რეალურად უნდა შევქმნათ და ოპოზიციასაც მართლა შევძინოთ ფუნქცია. დასავლეთისა და ამერიკის თვალში, რომლებიც ჩვენ 30 წლის განმავლობაში გვინახავენ (ყველა ასპექტით), მართლა ძალიან ცუდად ჩანს ჩვენი ერთპარტიული პარლამენტი. ამიტომაც მოუწოდებენ ოპოზიციას ბრძოლისკენ. თუმცა მათი მოწოდებაა ბრძოლა პარლამენტში და არა ქუჩაში.

ოპოზიცია ცუდ დღეშია - მისი ელექტორატის გაერთიანება ვერ ხერხდება, არც დასავლეთი უჭერს მხარს. შესაბამისად, მათი პერსპექტივა ბუნდოვანია. კიდევ კარგი, გამოჩნდა ოპოზიციაში პატარა ჯგუფი, რომელიც ვითარებას სწორად აფასებს. იმედია, მისი აქტიურობით 30 დეპუტატი მაინც შევა პარლამენტში და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო რაოდენობა შეიქმნება. 113 დეპუტატი ამისთვის საკმარისია.

- ალბათ, ამ მცირე ჯგუფში ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს გულისხმობთ. მათი თქმით, "ქართული ოცნება" მზად არის რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად, თუ ოპოზიცია შეძლებს დაამტკიცოს არჩევნების 1%-ით გაყალბებაც კი. ასევე საინტერესოა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც არჩევნების შედეგების გადამოწმება მოხერხდება. ელისაშვილი ამბობს, რომ არის ასეთი მექანიზმი, თუმცა ელჩებთან დადებული პირობის გამო ჯერ ვერ ამბობს. - საქართველოში 3 657 საარჩევნო უბანია. ამდენ უბანში ხმების გადაკეთება ადვილი არ არის. გაყალბებული ციფრების დასასმელად ახალი ბიულეტენების დაბეჭდვა და სხვა უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რასაც დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი სჭირდება. რაც შეეხება გადამოწმების მექანიზმს, საარჩევნო ბიულეტენის აღებისას ხელს ხომ ვაწერთ დოკუმენტს, ვიდეოფირებიც ხომ არსებობს? ასე რომ, ყველაფრის გადამოწმება შეიძლება. დაჯექი საგამოძიებო კომისიაში და იმუშავე.

არა მგონია, კობახიძის ხისტი განცხადებები შემთხვევითი იყოს. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" გასაგონად გაკეთებული მუქარისა და შანტაჟის შემცველი განცხადებები ჩვეულებრივი სატყუარა იყო, რომელსაც ოპოზიცია წამოეგო და მოლაპარაკება ჩაშალა.

- რატომ უნდა აძლევდეს ხელს მოლაპარაკების ჩაშლა ხელისუფლებას? თქვენ ხომ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის იმიტაციისთვის მაინც სჭირდება? - შეიძლება ხელისუფლებას სულაც არ აწყობს უბნების ხელახლა გადათვლა, მაგრამ ამის დაპირება შესაძლოა უცხოელ ფასილიტატორებთან ქულების ჩასაწერად გასცეს, სინამდვილეში კი ძალიანაც სურთ, ოპოზიციამ მოლაპარაკებაზე უარი თქვას და საქმე არჩევნების შედეგების გადამოწმებამდე აღარ მივიდეს. ამით სათქმელი ექნებათ, ოპოზიციას ყველა პირობა შევთავაზეთ, მაგრამ რევოლუციური სცენარის გათამაშება სურთო.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლება ზუსტად იმ რეაქციას ელოდა, რაც ოპოზიციას ჰქონდა. ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, მით უფრო, რომ ფასილიტატორებიც ამას მოუწოდებენ. თუ გაზაფხულზე ვითარება გამწვავდება (რისი მოლოდინიც მე მაქვს), ჯობია ამ დროს ოპოზიცია პარლამენტში იყოს და იქიდან მოუწოდოს ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნებისკენ.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლების ასეთი სვლა ოპოზიციამ ვერ გათვალა? - ფაქტია, ვერ გათვალა და ნებსით თუ უნებლიეთ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

- თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთად თამაშობენ დანარჩენი ოპოზიციის წინააღმდეგო. დღეს თქვენ ამბობთ, რომ მოლაპარაკების ჩაშლა ხელს აძლევს ხელისუფლებას. ამასთან, ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ მოლაპარაკების ჩაშლას "ევროპული საქართველოს" ლიდერები ცდილობენ. ამჯერად რა ხდება, "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორი შეიცვალა? - ზუსტად ვერ გეტყვით, რა ხდება, მაგრამ "ევროპული საქართველო" რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიას თამაშობს, ცხადია. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში დარჩება, ქუჩა კი დაბევებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". გაოცებული ვარ "ევროპული საქართველოს" დღევანდელი მოქმედებით, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, იმდენ ხმასაც ვეღარ მიიღებენ, რაც მიიღეს. წესით, "ნაციონალებს" უნდა გამიჯვნოდნენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შესულიყვნენ. ყველას მოვუწოდებ - კარგად დაფიქრდნენ, სანამ მანდატებზე იტყვიან უარს. თუ 30 კაცი მაინც შეიკრიბა, შესაძლოა მათგან მართლა ჩამოყალიბდეს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული ძალა და ხელისუფლებაშიც კი მოვიდნენ.

მოამზადა ხათუნა ბახტურიძემ