"მოლაპარაკების შედეგით დასრულება მხოლოდ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს სურდათ" - კვირის პალიტრა

"მოლაპარაკების შედეგით დასრულება მხოლოდ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს სურდათ"

"ოპოზიცია საპარლამენტო ტრიბუნის სახითაც კარგავს ბერკეტს და ქუჩაშიც ვეღარ მოიპოვებს საჭირო მხარდაჭერას"

"ფორმატი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ წარმოადგენს რევოლუციური სცენარის ნაწილს და შესაბამისად, ის პარტიები, რომლებისთვისაც ძალაუფლების მოპოვებაა პოლიტიკური მიზანი და არა რაღაც საკითხებზე შეთანხმება, ამ დიალოგის კონსტრუქციული შედეგის მომხრეები ვერ იქნებოდნენ. ეს თავიდანვე ცხადი იყო. ამიტომ პარტიები, რომლებსაც სურდათ რევოლუციური სცენარით გაგრძელებულიყო პოლიტიკური ცხოვრება, ბუნებრივია, ამ მიზანს ისახავდნენ. შეტევა აშშ-ის ელჩზე, ევროკავშირის საელჩოზე, პარტნიორებზე, მათი ფასილიტატორული ფუნქციის დაკნინება, ცხადყოფდა, რომ ირიბად დიალოგის ჩაშლასთან იყო დაკავშირებული", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა, რომელიც ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება:

- ხელისუფლებას მოლაპარაკების შედეგით დასრულება რომ ნდომოდა, ირაკლი კობახიძე ასეთ ხისტ განცხადებებს არ გააკეთებდა. თავის მხრივ, არც ოპოზიცია უნდა წამოჰგებოდა ამ ანკესს და ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება კობახიძის განცხადებების გამო არ უნდა ჩაეშალა.

- რატომ უნდა აძლევდეს ხელს მოლაპარაკების ჩაშლა ოპოზიციას ან ხელისუფლებას?

- ოპოზიციას, ალბათ, იმიტომ, რომ მოლაპარაკების პარალელურად ზოგიერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შესულიყო და ამით მათი ერთობა არ დაშლილიყო. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას ისეთი რამ შესთავაზა (საპარლამენტო კომისიის შექმნას ვგულისხმობ), რომ ფასილიტატორების თანდასწრებით უარს ვეღარ იტყოდნენ და კობახიძის ხისტი განცხადებები დაიხვიეს ხელზე. თავის მხრივ, არც ხელისუფლება, ანუ კობახიძე, გააკეთებდა მუქარისა და შანტაჟის შემცველ განცხადებებს, მოლაპარაკების შედეგით დასრულება რომ ნდომოდა.

ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებიც იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთ მხარეს აღარ აქვს მოლაპარაკების გაგრძელების სურვილი.

დღევანდელი ვითარება სპონტანური სულაც არ არის. ყოველივეს წინა პირობები აქვს. ზოგიერთმა პარტიამ საზოგადოებას, ზოგიერთმა კი საკუთარ თავსაც შეუქმნა არასწორი მოლოდინი, ეგონათ, თავად შეცვლიდნენ ხელისუფლებას. 1%-იანმა ბარიერმა ძალიან დააზარალა "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "მოქალაქეები"...

"ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" თავიანთი ერთგული ამომრჩეველი ჰყავთ. ის ხმები, რომლებიც პატარ-პატარა, ბარიერგადაულახავმა პარტიებმა წაიღეს, ახალშექმნილ ოპოზიციურ პარტიებს დააკლდათ. ბუნებრივი ბარიერი 3%-იანი რომ ყოფილიყო, დღეს სხვა სურათი იქნებოდა - მინიმუმ 51 პარტიის ხმები ახალშექმნილ ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდებოდა. ცოტა ხნის წინ "გირჩმა" განაცხადა, 0%-იანი ბარიერი ისევ უნდა დარჩესო. არადა, ნულოვანი ბარიერი ნიშნავს, რომ მათი პარტიიდან ერთი ან ორი კაცი თუ შევა პარლამენტში, დანარჩენი ხმები სხვა წვრილ-წვრილ, 100 პარტიაზე გადანაწილდება. 2019 წელს თავად გახლდით იმ შეხვედრაზე, სადაც "ქართულმა ოცნებამ" ნულოვანი ბარიერის ინიციატივა წამოაყენა. გავოცდი, იმდენად ბევრი პოლიტიკური პარტია შეიყარა. ისეთებიც კი იყვნენ, კაციშვილს რომ აღარ ახსოვს მათი არსებობა. შეხვედრაზე ერთკაციანი პარტიებიც იყვნენ. ისინი ხმებს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ვერა, მაგრამ "შუაშისტურ" პარტიებს ნამდვილად წაართმევდნენ. შესაბამისად, ეს იყო ხელისუფლების ერთგვარი ხრიკი.

- საინტერესოა, რატომ ამბობენ ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები, რომ არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, მაგრამ არ გაყალბებულა? - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არსებითი ხარვეზები და ცდომილებები არ და ვერ შეცვლიდა საერთო სურათს. გარდა ამისა, ოპოზიციამ ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა დასავლეთის ნდობა, როცა 1%-იანი ბარიერისა და საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულზე გადასვლისთვის ნოემბრიდან მარტამდე, მთელი ოთხი თვის განმავლობაში, იბრძოლეს და ბოლოს მხარი აღარ დაუჭირეს ამ საარჩევნო ცვლილებას. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ჩათვალეს, რომ ამათ სამართლიანი საარჩევნო სისტემა კი არა, ხელისუფლებაში მოსვლა სურდათ. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ ელჩებმა არაერთხელ აღნიშნეს, ოპოზიციამ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დაიწყო პროტესტის გამოხატვაო. ამიტომაც არის, რომ ელჩები შუამავლობენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვისვე არ არის ხელსაყრელი ერთპარტიულ პარლამენტთან თანამშრომლობა, თუნდაც იმიტომ, რომ ის პროექტები, რომელთა რეალიზება აქვთ დაგეგმილი, პარლამენტში ოპოზიციის ყოფნასაც საჭიროებს.

ოპოზიცია დღეს საპარლამენტო მანდატების დახევით მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, დასავლელ პარტნიორებსაც აშანტაჟებს. კარგად იციან, რომ დასავლეთი საქართველოში დაგეგმილ პროგრამებს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის გარეშე ვერ განახორციელებს. იმას არ ფიქრობენ, რომ თავად უფრო დიდი დანაკლისი ექმნებათ - საპარლამენტო ტრიბუნის სახითაც კარგავენ ბერკეტს და ქუჩაშიც ვეღარ მოიპოვებენ საჭირო მხარდაჭერას. დასავლეთი მათ აღარ უჭერს მხარს, ხალხში რევოლუციური განწყობა არ არის, ერთადერთ ბერკეტად კრიტიკული მედია რჩებათ. ზოგიერთმა ცოტა მეტი ლიტერატურა უნდა წაიკითხოს იმის გასაგებად, თუ როდის იბადება ქუჩაში დემოკრატია.

ხათუნა ბახტურიძე