გიორგი ვაშაძე: "მე პარლამენტში შესვლა კი არა, მოლაპარაკების შედეგით დასრულება მსურს" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "მე პარლამენტში შესვლა კი არა, მოლაპარაკების შედეგით დასრულება მსურს"

"იმისთვის, რომ 60 მანდატი აზრიანად გამოვიყენოთ, შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ. დაველოდოთ მე-5 რაუნდს, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება"

- მოლაპარაკება ერთადერთი გზაა შედეგის მისაღწევად. ხელისუფლებას ძალიან სურს მისი ჩაშლა, ამიტომაც უყენებს ოპოზიციას ულტიმატუმს, მაგრამ ნურას უკაცრავად, პირადად მე მზად ვარ მე-5 რაუნდზეც მივიდე და მყარი პოზიციით გავაგრძელო მოლაპარაკება. რაც შეეხება "სამართლიან არჩევნებს", მან მეტად უნდა დაასაბუთოს, რა მოხდა, რა შეიცვალა, რა შეცდომა დაუშვეს.

- თქვენი ვერსია როგორია, რა შეიძლება მომხდარიყო? - არ მინდა წინასწარ ვისაუბრო "ქართული ოცნების" შესაძლო ზეწოლაზე.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა უფრო სარწმუნოდ უნდა განმარტოს, რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს ამ შეცდომის შესახებ ან რატომ დასჭირდა ამ შეცდომის აღიარებას 40 დღე. ეს ორგანიზაცია დიდი ნდობით სარგებლობს და ხალხს იმედი არ უნდა გაუცრუონ.

- თუ მოლაპარაკების გასაგრძელებლად საჭირო გახდა, ბოდიშს მოიხდით? - არავისთან მაქვს საბოდიშო. დაუკრეფავში ნურც თალაკვაძე გადავა და ნურც კობახიძე. უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ არავისთვის არაფერი დაუბრალებიათ. "სამართლიანი არჩევნების" ეს განცხადება ვერ გადაფარავს ჩვენი თვალით ნანახ დაუბალანსებელ ოქმებს და დაკარგულ ბიულეტენებს. გარდა ამისა, ჩვენი მტკიცებულებები მხოლოდ "სამართლიან არჩევნებს" ხომ არ ეყრდნობოდა? სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაწერეს საჩივრები, რომლებიც ჩვენ სასამართლოსა და საოლქოებში შევიტანეთ და რომელთა განხილვაზეც უარი თქვეს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებმა, ასევე სასამართლომ. სხვათა შორის, "ქართული ოცნება" ელჩებთან მოლაპარაკების დროსაც საუბრობდა რაღაც მათემატიკასა და არალოგიკურ ციფრებზე. მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციეთ. კიდევ არის დეტალები, რის შესახებაც ახლა ვერ ვილაპარაკებ, ჯობია თავად "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა თქვას, რასთან გვაქვს საქმე. სხვათა შორის, მათივე დასკვნაში გასაგებად წერია, რომ საქართველოში ასეთი დაბალი დონის არჩევნები ბოლო წლებში არ ჩატარებულა.

- ალეკო ელისაშვილი რის საფუძველზე ამბობს, რომ თქვენ პარლამენტში შესვლა გსურთ, მაგრამ ვერ ბედავთ? - საკითხის ასე დაყენება სწორი არ არის. მე პარლამენტში შესვლა კი არა, მოლაპარაკების შედეგით დასრულება მსურს. ჩვენი მიზანია შეთანხმება და კრიზისის განმუხტვა.

ჩვენ მზად ვართ იმდენჯერ მივიდეთ მოლაპარაკებაზე, რამდენჯერაც საჭირო იქნება. თუ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, პარლამენტშიც შევალთ, აბა, რისთვის მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა?!

- რას გულისხმობდა თაკო ჩარკვიანი, როცა თქვა, რომ თქვენ წახვედით ძალიან დიდ რისკზე, როცა საპარლამენტო მანდატის დატოვება გადაწყვიტეთ? - არის დეტალები, რომელთა პარტიის გარეთ გამოტანა არც მართებულია და არც შედეგის მომტანი. ყოველთვის გვაქვს ჩვენი პოზიცია შიდა დისკუსიებშიც კი, რომელიც შეიძლება განსხვავდება სხვა პარტიების პოზიციისგან. მთავარია, რომ საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას ვახერხებთ.

იმისთვის, რომ 60 მანდატი აზრიანად გამოვიყენოთ, შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ. დაველოდოთ მე-5 რაუნდს, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. ვნახოთ, "ქართული ოცნების" მძიმე განცხადებების შემდეგ დარჩა თუ არა კიდევ შეთანხმების შესაძლებლობა.

მოამზადა ხათუნა ბახტურიძემ