"საკათედრო ტაძრების პლაჟი" - კვირის პალიტრა

"საკათედრო ტაძრების პლაჟი"

ევროპის ყველაზე ლამაზი პლაჟი, ტურისტთა შეფასებით, ბისკაის ყურეშია, ესპანეთის პატარა ქალაქ რიბადეოს მახლობლად. ესპანელები მას "წმინდა წყლის პლაჟს" (Praia de Augas Santas) უწოდებენ, ხოლო ტურისტები - "საკათედრო ტაძრების პლაჟს".

ეს პლაჟი ქვეყნის ბუნებრივი ეროვნული ძეგლია და ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ყოველწლიურად აქ ვიზიტორთა ისედაც დიდ ნაკადს ათასობით ტურისტი ემატება. ეს ერთგვარი სპექტაკლია, რომელიც ყოველდღიურად იმართება. როცა ოკეანის მიქცევის დროს წყალი უკან იხევს, მისი დონე 4 მეტრით დაბლა იწევს და გაოცებულ მაყურებლებს ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს მათ წინ ფარდა გაიხსნა და გრანდიოზული დეკორაციები გამოჩნდა - ისინი ამ წარმოუდგენელი სანახაობითა და საუცხოო პეიზაჟებით ტკბებიან.

თეთრი ქვიშით მთლიანად დაფარული ოკეანის ფსკერი მიქცევის დროს თავისუფლდება და შესანიშნავ პლაჟად იქცევა

საკმარისია, პლაჟს მცირედით გასცდე და ახლომახლო მსგავსიც არაფერია. ამ უცნაური ადგილის შემოქმედი კლდეებისა და ოკეანის მჭიდრო მეზობლობაა - გამუდმებული ქარის, ღელვისა და მარილიანი წყლის გამოისობით, ოკეანე დაუჯერებელი სილამაზისა და ფორმების სვეტებსა და თაღებს, მღვიმეებსა და ლაბირინთებს ქმნის. მათი სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრს აღწევს, ხოლო ზოგი ლაბირინთის ჭერი ძალიან ჰგავს გოტიკური ტაძრების შეისრული ფორმის თაღებს. სწორედ ამ მსგავსების გამო დაარქვეს რიბადეოს პლაჟს ტურისტებმა "საკათედრო ტაძრების პლაჟი".

აქ სტუმრობისთვის მთავარი სეზონი ზაფხულია - დანარჩენ დროს ბისკაის ყურეში ძლიერი და ცივი ქარი უბერავს. ხშირია ნისლიც, თუმცა აქაური სანაპიროს უცხო პანორამა ტურისტებს სხვა თვეებშიც იზიდავს. აქ მზის ჩასვლაც და ამოსვლაც გასაოცარი სილამაზის იცის. ტურისტები აქაურობას უწოდებენ "ყველაზე მეტად ფოტოგრაფირებად ადგილს", სადაც სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. თუმცა მთავარი მოვლენა მაინც ოკეანის მიქცევა-მოქცევაა.

მიქცევამდე წყალზემოთ მხოლოდ ხმელეთის პატარა უბნებია დარჩენილი სპეციალურად მოწყობილ ჩასასვლელ კიბესთან, მიქცევის დროს კი თეთრი ქვიშით დაფარული ოკეანის ფსკერი თავისუფლდება და შესანიშნავ პლაჟად იქცევა. ის მთლიანად გაშრობას მცხუნვარე მზეზეც ვერ ასწრებს. მღვიმეებში, რომელთა კედლები მოფენილია ორსაგდულიანი მოლუსკებით, მცირეოდენი წყალი რჩება. პლაჟის დაქანება მცირეა და ტურისტებს შეუძლიათ უკან დახეული წყლის პირას პლაჟზე სიარულიც და ბანაობაც ანკარა წყალში. ყველაფერი, რასაკვირველია, ზუსტად გათვლილი გრაფიკით ხდება, მიქცევა-მოქცევის ციკლის გათვალისწინებით.

ზოგი ლაბირინთის ჭერი ძალიან ჰგავს გოტიკური ტაძრების შეისრული ფორმის თაღებს

მოქცევის დროს პლაჟი და "საკათედრო ტაძრები" იმალება ლაგუნასავით ცისფერ და ძალიან გამჭვირვალე წყალში, რომელსაც მოჰყვებიან მისი ბინადრები - შესანიშნავად ჩანს უამრავი პატარა თევზი, კიბოები, "ცოცხლდებიან" მოლუსკები, და ამ ყველაფერს უამრავი მაყურებელი ჰყავს.

რამაზ გურგენიძე