"საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა" - კვირის პალიტრა

"საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა"

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, "ლელოს" ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი, რომელზეც ჯერ გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განზრახ აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებული არაერთი სარჩელის განხილვას. მარტო პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოს" პანდემიასთან დაკავშირებით და იმ გაუმართლებელ, ფართოდ დაუსაბუთებელ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ დააწესა, ორი საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი. ჩვენ უკვე თვეებია ველოდებით პირველ ტალღასთან მიმართებით გადაწყვეტილების გამოტანას. განზრახ ჭიანურდება გადაწყვეტილების გამოტანა",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია, რაც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს მთელი რიგი სექტორების სპეციფიკას, რის შედეგადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ ახერხებს იმ სამედიცინო გამოწვევებთან ადეკვატურად გამკლავებას, რასთან დაკავშირებითაც ვითომ ეს შეზღუდვები შემოიღეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სახელმწიფო ვერ მართავს. მას ხელმძღვანელად დანიშნული ჰყავს სრულიად არაადეკვატური, არაკომპეტენტური პირი, ჯანდაცვის სისტემაში მართვა და მენეჯმენტი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, უამრავი პრობლემა შეიქმნა და შემაშფოთებლად გაიზარდა სტატისტიკა",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სარჩელის განხილვისკენ მოუწოდა.

"სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა და ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების ბრალი, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუცო სასამართლოში ჯერ მოსამართლედ მიავლინა, შემდეგ დააწინაურა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. უკვე გასაგებია, რა მიზნებითაც დააწინაურა, რომ სწორედ ასეთ კრიტიკულ და სენსიტიურ ვითარებაში მას შეეფერხებინა როგორც მინიმუმ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელება",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"