"ოპოზიცია ადრე რაიონული მასშტაბით გვჭრიდა თავს და ახლა უკვე მსოფლიო მასშტაბით" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ადრე რაიონული მასშტაბით გვჭრიდა თავს და ახლა უკვე მსოფლიო მასშტაბით"

"ოპოზიცია ადრე რაიონული მასშტაბით გვჭრიდა თავს და ახლა გვჭრის უკვე მსოფლიო მასშტაბით. როდესაც ასეთი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას, ეს არის უმძიმესი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე პოლიტპატიმრების საკითხის შემოტანა სამარცხვინოა.

"შეგვიძლია გავიხსენოთ ბევრი ეთერი, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენს მეგობარ ელჩებს, აქ ყველაფერი ნათქვამია, ისინი თავს გვჭრიან მსოფლიო მასშტაბით. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები "ტყვეებით ვაჭრობენ", ეს სხვა არაფერია, თუ არა თავის მოჭრა. მათ თვითონ მოიტანეს პოლიტპატიმრების საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან და შემდეგ დააბრალეს ელჩებს, თითქოს მათი შემოტანილი იყო ეს საკითხი. ამ საკითხის შემოტანაც მათი მხრიდან სამარცხვინოა, როდესაც შენ გაქვს გაყიდული დავით გარეჯი და მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე და შემდეგ ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის სამარცხვინო, ასეთი ოპოზიციის ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.