"გმიროს" დაბრუნება ანუ ჩვენებური "ზიტა და გიტა" - კვირის პალიტრა

"გმიროს" დაბრუნება ანუ ჩვენებური "ზიტა და გიტა"

ზაფხულობით, როცა ჩვენი სოფლის შარაზე რუხი ფერის "მოსკვიჩი" გამოჩნდებოდა, იმის ნიშანი იყო, რომ იმ საღამოს კლუბში კინოჩვენება მოეწყობოდა. კინომექანიკოსი მეტსახელად "გმირო", ავტომობილის საბარგულში ჩაწყობილ კინოფირების კოჭებს გადახედავდა ხოლმე და საკუთარი გუნება-განწყობილების შესაბამისად შეარჩევდა ფილმს. სულ მალე, სოფლის კლუბის მეზობლად მდგარი სახლის ჭიშკარზე მოყვითალო ფერის აფიშა გამოჩნდებოდა, სადაც მწვანე საღებავითა და "გმიროს" ბატიფეხურით ეწერა: საღამოს, ნახირის მოსვლის შემდეგ, ნაჩვენები იქნება ინდური მხატვრული ფილმი _ "შურისძიება და კანონი".

დროდადრო, აფიშაზე მხოლოდ ფილმის სახელწოდება იცვლებოდა...

წლევანდელი მაისიდან საქართველოში ბოლივუდური კინოპროდუქციის წარმოება დაიწყება. ინდურ კინოინდუსტრიას ბოლივუდი თავის დროზე ჰოლივუდის მიმსგავსებით უწოდა ვიღაც ენამოსწრებულმა, რადგან კინოსტუდიები ძირითადად ქალაქ ბომბეიში მუშაობდნენ. ახლო მომავალში, საქართველოს მთავრობასა და ბოლივუდს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც დასაბამს მისცემს ამ "ორიგინალურ" წამოწყებას. დასაწყისისთვის საუბარია ორი ინდური ფილმის გადაღებაზე. ამ ეტაპზე ამ ფილმების სცენარის დაზუსტება მიმდინარეობს.

ბოლო დროს, ბოლივუდისთვის უცხოეთში ფილმების გადაღება პრიორიტეტული გამხდარა. როგორც ჩანს, ინდური კინოინდუსტრია თავისი ქვეყნის უკუდეგანო ფარგლებში ვეღარ ეტევა და ბოლივუდს "ბოლის გაშვება" სხვა სახელმწიფოებშიც სურს. მით უფრო იქ, სადაც ეს გაცილებით იაფი ჯდება.

დავით ბეჟიტაშვილი (კინოპროდიუსერი): "ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ბოლივუდელი კინოპროდიუსერები რამდენჯერმე სტუმრობდნენ საქართველოს. ამ ვიზიტების შედეგი იყო ქართული მხატვრული ფილმი "ყველაფერი კარგად იქნება", რომლის გადაღებები ინდოეთში მიმდინარეობდა. ახლა საქმე იქამდე მივიდა, რომ სურთ, ინდური ფილმი გადაიღონ საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ინდოელი კინოპროდიუსერები საქართველოში იმყოფებოდნენ და მოხიბლული დარჩნენ ჩვენი ქვეყნის ბუნებით, საგადასახადო გარემოთი და სტუმართმოყვარეობით. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, ჩამოსულიყვნენ და აქ რამდენიმე ფილმი გადაეღოთ. ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, ეკონომიკისა და კულტურის მინისტრებს.

ამჟამად სცენარზე მუშაობა მიმდინარეობს, ზუსტდება ტექნიკური დეტალები და გადაღებები ალბათ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დაიწყება. ყველა ინდურ ფილმს განსხვავებული ბიუჯეტი აქვს, მაგრამ თანხის ძირითადი ნაწილი მსახიობებისთვის გაცემულ ჰონორარებზე იხარჯება. თუ ბოლივუდი ფილმს საქართველოში გადაიღებს, ტექნიკურ უზრუნველყოფას ადგილობრივი კომპანიები გაუწევენ, რაც შესაბამისად დამატებით სამუშაოსა და შემოსავალს ნიშნავს. ვფიქრობ, ინდოელი კინოპროდიუსერების ჩამოსვლა და საქმიანობა საქართველოში საინტერესო იქნება ადგილობრივი კინოკომპანიებისთვის, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ინდურ ფილმებში რამდენიმე ქართველი მსახიობიც მიიწვიონ.

რა თქმა უნდა, ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს, რადგან ისინი საქართველოს საუკეთესო ადგილებს გადაიღებენ. ბოლივუდის კინოპროდუქციას კი საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

KvirisPalitra.Geჩვენმა მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ დახმარება აღუთქვა ინდოელ ინვესტორებს. მაგალითად, დაინიშნება ჩარტერული რეისი ინდოეთიდან საქართველოში, რომელიც უშუალოდ გადამღები ჯგუფის წევრებს მოემსახურება. ამ ეტაპზე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოს ამ პროექტის ფარგლებში ეწვევა ინდური კინოს ვარსკვლავი მითჰუნ ჩაკრაბორტი. მას საქართველოში ყველა იცნობს, რადგან თამაშობდა მთავარ როლს 80-იანი წლების ჰიტში "დისკოს მოცეკვავე".

მოგეხსენებათ, ინდოეთი მსოფლიო ლიდერია წარმოებული ფილმების რაოდენობის თვალსაზრისით. წელიწადში ბოლივუდი დაახლოებით 1000 ფილმს უშვებს".

ასე რომ, პირველი ქართულ-ინდური კინოპროდუქტი _ "ყველაფერი კარგად იქნება" უკვე გვქონია. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ქართველი მსახიობებიდან ვინ ითამაშებს ინდურ ფილმებში. იმედია, ჰონორარები ჩვენთან გადაღებულ ფილმებთან შედარებით იმდენად მაღალი იქნება, რომ ინდურ ცეკვასა და დამახასიათებელ მიხვრა-მოხვრასაც ქართველი მსახიობი ქალები და მამაკაცებიც მონდომებით შეისწავლიან.

(სპეციალურად საიტისთვის)