რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ - კვირის პალიტრა

რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების სიმცირე, შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების სიმცირეს უკავშირდება.

თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს.

"დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი იყო. იყო 1337 შემთხვევა. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას. თუმცა, დადებითობის მაჩვენელი მაინც სტაბილური რჩება და მიუთითებს იმას, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო ადრე და ახლა კი შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის გნამავლობაში, სანამ საბოლოო მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიია როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1335 პაციენტი ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს, 405 პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, კორონავირუსის 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევიდან კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში 9 425 პაციენტი გადის მკურნალობას.

,,მობილიზებული საწოლების რაოდენობა დღეს დილით მდგომარეობით გახლდათ 7222, აქედან კოვიდის მკურნალობისთვის იყო 6 539 პაციენტი და შეფასებისთვის 198 პაციენტი. 1335 პაციენტი გახლავთ ისეთი რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და 405 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის, ან ჟანგბადის მიწოდების სხვა დამხმარე საშუალების გზით. 2800-ზე მეტი პაციენტი რჩება კლინიკურ სასტუმროებში, სადაც მათ აქვს საშუალება მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი როგორც თბილისში ასევე სხვა რეგიონებშიც. ჯამურად სასტუმროსა და კლინიკაში იმყოფება 9425 პაციენტი, დანარჩენი 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევიდან რჩება ბინაზე, ამდენად პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ ბინაზე იმართება 18000-ზე მეტი პაციენტი. ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიური იყო ტესტირება და ტესტირება ანტიგენით სიმპტომურ პირებში ამ კვირაშიც გაგრძელდება ისეთივე ინტენსივობით როგორიც აქამდე იყო. შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ჩათვლის, რომ სჭირდება ტესტის ჩატარება და ექნება ოჯახის ექიმიდან რჩევა, შეუძლია მივიდეს 200-ზე მეტი დაწესებულებაა ტესტირების პროგრამაში ჩართული, ჩაიტაროს სწრაფი ტესტირება და მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მოუწოდებს მოსახლეობას, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მივიდნენ ოჯახის ექიმებთან, რადგან, მისივე შეფასებით, "მომდევნო 1-2 კვირა კრიტიკული პერიოდი იქნება, როდესაც ყველა ინფიცირებული უნდა გამოვლინდეს და ამით გავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი".

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 20 ათასამდე დღიურმა ტესტმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ამდენი სიმპტომური პირი არ არის.

"ჩვენი სამიზნე არის 20 ათასი. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ყოველდღიურად ჩატარდეს 20 ათასი ტესტი. ეს არის ჯამურად, როგორც ანტიგენის ასევე, Pჩღ ტესტირება. გარკვეულწილად იკვეთება იმგვარი სურათი, რომ მოთხოვნა ტესტირებაზე, როგორი მოლოდინიც გვქონდა თავიდან, რომ იქნებოდა 20 ათასი და შესაძლოა მეტიც, არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენი სიმპტომური პირი არ არის და ამას მიუთითებს ის, რომ ნაკლები და ნაკლებია ზარები 112-ზე და ნაკლებია მიმართვიანობა ოჯახის ექიმებთანაც. ჯერ ისევ ნაადრევია ამაზე პასუხის გაცემა. დღეს, ხვალ და ამ კვირაში 18-დან 20 ათასამდე ტესტირება რა სურათს მოგვცემს. ანუ რა იქნება რეალური გავრცელება. ჩვენ მივუახლოვდით იმ მაჩვენებელს, რაც იყო შეფასებული მაჩვენებელი, ანუ ტესტირების შედეგად გვქონდა შესაძლებლობა გამოგვევლინა ყველა ინფიცირებული პირი. სურათი უჩვენებს იმას, რომ ამდენი ინფიცირებული პირი არ უნდა იყოს, ანუ 8-9 ათასი გარკვეულწილად იყო შეფასებული მაჩვენებელი მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ აქტიური ტესტირების შედეგად ამდენი ინფიცირებული არ გვყავს. მოვუწოდებ მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში მივიდნენ ოჯახის ექიმებთან, რადგან მომდევნო 1-2 კვირა იქნება კრიტიკული პერიოდი, როდესაც ყველა ინფიცირებული უნდა გამოვლინდეს და ამით გავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი", - განაცხადა გაბუნიამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში:

www.palitravideo.ge