"თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის, "სამართლიან არჩევნებს" ხელი გადაუგრიხეს ან რაღაცებში გამოიჭირეს" - კვირის პალიტრა

"თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის, "სამართლიან არჩევნებს" ხელი გადაუგრიხეს ან რაღაცებში გამოიჭირეს"

"რესპუბლიკური პარტიის"ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილისთვის გაუგებარი და არადამაჯერებელია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის განცხადება, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. როგორც ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განმარტა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-მ შეცდომა დაუშვა.

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ISFED-ს შეცდომა მოუვიდა. კარგი ორგანიზაციაა, ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ხელისუფლების ზეწოლის ფორმებით არის ეს თუ რაღაც სხვა ამბებით, მისი ინტერესების გათვალისწინება ხდება. ღიად ტყუილს გვეუბნებიან, არაფერი შეცვლილაო. ასე არ არის", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის აღნიშნული განცხადება არადამაჯერებული და არაადეკვატურია.

"პერსონალურ პასუხისმგებლობას მაინც როგორ ვერ ხედავს, ასეთი რამ რომ დამართა საკუთარ ორგანიზაციას. ამ მხრივ ძალიან გაღიზიანებული ვარ. არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი",-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის.

"თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის. ხელი გადაუგრიხეს "სამართლიან არჩევნებს", ან რაღაცებში გამოიჭირეს თავისი შიდა ამბებით. ვფიქრობ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობები ძალიან შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე ამოწურული არ არის. არცერთი ოპოზიციურ პარტიას ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი არ უთქვამს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ვნახოთ, ელჩებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული",-განაცხადა ბერძენიშვილმა.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ მან, როგორც დირექტორმა შექმნილ ვითარებაში ყველაფერი გააკეთა. როგორც ნიჟარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განმარტა, ორგანიზაციამ არჩევნების ჩატარებას ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი.

ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.