"სააკაშვილის ფაქტორმა შექმნა ის სურათი, რაც არჩევნებში დაფიქსირდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ფაქტორმა შექმნა ის სურათი, რაც არჩევნებში დაფიქსირდა"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე "ინტერპრესნიუსი" პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, წელი იწურება და ჩვენ არც ამჯერადაც გვინდა დავარღვიოთ ტრადიცია და წელსაც გვინდა გთხოვოთ 2020 წლის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების შეჯამება.

ფაქტია, რომ 2020 წელი პანდემიის გამო უმძიმესი აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკისთვის და ჩვენც გამონაკლისი ვერ ვიქნებოდით. საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური პროცესებიც გამძვინვარებული პანდემიის ფონზე საკმაოდ დრამატულადაც კი განვითარდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ვიდრე 2020 წლის ეკონომიკურ პრობლემების დაძლევისა და შედეგებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, გვერდს ვერ აუვლით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ რეალობაზე საუბარს.

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა. თუმცა, იმავე დამკვირვებელთა უმრავლესობა სხვადასხვაგვარად აფასებს არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის ხილულ თუ ჯერაც ბოლომდე უხილავ კონტურებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- 2020 წლის პოლიტიკური კუთხით შეჯამებისას უნდა გავიხსენოთ ორი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. კერძოდ, ერთია მარტში ხალისუფლებასა და ოპოზიციას შორის მეგობარი ქვეყნების ელჩების შუამავლობით მიღწეული შეთანხმება საპარლემენტო მანდატების განაწილების შესახებ, რომლის თანახმადაც 120 ადგილი დაეთმო პარტიული სიებით არჩეულ დეპუტატებს, ხოლო 30 ადგილი მაჟორიტერული წესით არჩეულებს, არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერის დაწესებით.

მეორე ქრონოლოგიურად, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირველი, კი იყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ამ ეტაპზე, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, თუმცა ფორმალურად ისინი ჯერჯერობით ინარჩუნებენ დეპუტატის სტატუსს.

თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს სამი პარტია, კერძოდ, "მოქალაქეები," "გირჩი" და "რესპუბლიკელები." მათგან ყველაზე დიდი ალბათობით პარლამენტის ორ კუთვნილ მანდატს აიღებენ "მოქალაქეები."

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები თავის საქციელს იმით ამართლებენ, რომ დაიჯერეს და ცდილობენ სხვებიც დააჯერონ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და, რომ 150 კაციან პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეექმნათ უმრავლესობა. მათი ამ ვერსიის ურცხვ ტირჟირებას რამდენიმე ტელევიზია ახდენს, რითაც ცდილობს ქვეყანაში რევოლუციური განწყობის გაღვივებას შეუწყოს ხელი.

რადგანაც ქვეყენაში რევოლუციური სიტუაცია, საბედნიეროდ, არ არსებობს, ამიტომ ამგვარი მცდელობა, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება, რაც "ნაცმოძრაობის" "უკრაინელ" ლიდერს 2013-2020 წლებში არაერთხელ ჰქონდა.

სინამდვილეში კი სიტუაცია დიამეტრულად განსხვავებულია, რაც დაადასტურა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირველების უმრავლესობამ. დაფიქსირებული დარღვევების მიუხედავად, მათ აღიარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების და საერთასორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები ოპოზიციას მოუწოდებენ და სთხოვენ კიდეც, რომ შევიდეს პარლამენტში და იქ გააგრძელოს იმ მწვავე პრობლემებზე მუშაობა, რაც ყველაზე მეტად აღელვებს საქართველოს ამომრჩეველს.

ოპოზიციური სპექტრი კი არა მარტო არ ითვალისწინებს ქცეყნის მეგობარი სახელმწიფოების პოლიტიკოსების და ელჩების რჩევას, არამედ უკვე გადავიდა მათ ღია კრიტიკაზე, რაც ამ ოპოზიციის პოლიტიკური გემოვნების ლუსტრაციად უნდა ჩაითვალოს.

ჩემი აზრით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თავისი არსით იყო რეფერენდუმი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ, რაზეც ამომრჩეველმა ფაქტობრივად უარყოფითი პასუხი გასცა. გააგრძელეთ კითხვა