"2000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავეცით საკუთარი საცხოვრებელი სახლი" - კვირის პალიტრა

"2000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავეცით საკუთარი საცხოვრებელი სახლი"

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით 2000-ზე მეტი დევნილი ოჯახის უზრუნველყოფა მოხდა. ამასთანავე, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ დევნილ ოჯახებზე ზრუნვა, როგორც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის, ასევე დასაქმების მიმართულებით შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და შემდეგი 4 წლის განმავლობაში მოხდება მაქსიმალური რაოდენობის დევნილი ოჯახების განსახლება.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით სამეგრელოში, ზუგდიდში და სულ რამდენიმე თვის წინ ზუსტად ამ ადგილიდან ჩვენ შევპირდით დევნილ მოსახლეობას, რომ 360 ოჯახს განვასახლებდით ამ ახალაშენებულ ბინებში და როგორც ხედავთ, მიუხედავად იმ რთული ვითარებისა, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ გლობალურად არის მსოფლიოში, ჩვენ მაინც შევძელით და შევასრულეთ დანაპირები. ნამდვილად მიხარია, რომ დევნილთა სააგენტო თავისი მუშაობით იმდენად წარმატებულია, რომ ახერხებს ამ რთულ პირობებშიც კი იზრუნოს დევნილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, პირველ რიგში, გადის მათ კეთილმოწყობილ საცხოვრებელზე და ჩვენ შევძელით დღეს 68 ნგრევადი ობიექტის დახურვა სამეგრელოს მასშტაბით.

მე დღესაც გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ შემდეგ წლებში ამ პრიორიტეტული სეგმენტის მიმართ მხარდაჭერას და ვიზრუნებთ იმისთვის, რომ შემდეგ 4 წელში მოვახდინოთ დევნილი ოჯახების მაქსიმალური განსახელება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ 2020 წლის პერიოდში, ჩვენ შევძელით და 2000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავეცით საკუთარი საცხოვრებელი სახლი. რა თქმა უნდა, მესმის, რომ 27- წლიანი ლოდინის შემდეგ, ეს არ არის ის რიცხვი, რითაც ადამიანმა შეიძლება იამაყოს, მაგრამ თუ ჩვენ ვნახავთ ბოლო 8 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მხრიდან დევნილთა მხარდაჭერის პროგრამებს, ნახავთ, რომ 22 655 ოჯახის განსახლება მოვახდინეთ და გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ გეზს და დარწმუნებლი ვარ, რომ მხოლოდ ეს გზა არის შემრიგებლობის გზა, წინსვლის გზა და თქვენ ხართ ხიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ამიტომ ეს გეზი არ შეიცვლება და როგორც განსახლების კომპონენტში, ასევე დასაქმების კომპონენტში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო დევნილთა სააგენტოსთან ერთად, მუდმივად იზრუნებს იმისთვის, რომ დევნილ მოსახლეობას გაუუმჯობესოს როგორც საცხოვრებელი, ასევე ეკონომიკური პირობები,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"